დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს
30/03/2022 06:44:55 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს. ამის შესახებ გაერო–ში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა.
ვუდვორდის თქმით, დიდი ბრიტანეთი მზადაა, გააკეთოს ყველაფერი უკრაინაში ომის დასრულებისთვის და შეასრულოს როლი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაშიც, თუ კიევიდან შესაბამისი თხოვნა იქნება:
"ჩვენ გვინდა, გავუწიოთ უკრაინას ყველა შესაძლო დახმარება ომის დასრულებისა და რუსეთის ჯარების გაყვანის მიზნით, ჩვენ მოხარულები ვიქნებით ჩვენი როლი შევასრულოთ ამ კუთხითაც, თუ ამას უკრაინის ხელისუფლება გვთხოვს".
ცნობისთვის: 29 მარტს სტამბოლში მოლაპარაკებისას უკრაინამ რუსეთს წარუდგინა წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. კიევის პოზიციაა, რომ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. უკრაინა გარანტად მოიაზრებს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, თურქეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს.
საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. უკრაინისადმი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ნეიტრალიტეტია.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.


