აბრამოვიჩი და ორი უკრაინელი მომლაპარაკებელი, პირველადი ინფორმაციით, ქლორპიკრინით მოწამლეს
29/03/2022 19:53:39 მსოფლიო
ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი და ორი უკრაინელი მომლაპარაკებელი, პირველადი ინფორმაციით, ქლორპიკრინით მოწამლეს. ამის შესახებ დღეს საერთაშორისო საგამოძიება ორგანიზაცია "Bellingcat"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ხრისტო გროზევმა განაცხადა.
“ამ ისტორიაში აღმოვჩნდი არა როგორც საგამოძიებო ორგანიზაციის წარმომადგენელი და გამომძიებელი ჟურნალისტი, არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ადრეც ჰქონია კავშირი მოწამლვების საქმეებთან და ამიტომ იცნობს მედიკოსებს, რომლებიც მსგავს შემთხვევებში დაზარალებულებს ეხმარებიან. 3 მარტსვე დამირეკეს და სწორედ ასეთ მედიკოსებთან დაკავშირება მთხოვეს. რა თქმა უნდა, დავეხმარეთ. ამ ხნის განმავლობაში ამბის გახმაურებისგან გამიზნულად ვიკავებდით თავს. მსგავს შემთხვევებში ყოველთვის ასე ვიქცევით თავად დაზარალებულთა უსაფრთხოების ინტერესებიდან და მათივე სურვილიდან გამომდინარე. თუმცა 27 მარტს ვიღაცამ მედიას ინფორმაცია მაინც მიაწოდა” – განმარტა გროზევმა იუთუბ-არხ “Popular politics”-თან ინტერვიუში.
მან დაადასტურა, რომ დაზარალებულებს პრაქტიკულად იდენტური სიმპტომები აღენიშნებოდათ - ცრემლდენა, წვა, ძლიერი ტკივილი და წითელი ლაქები თვალის არეში, კანის ზედა ფენების ქერცლვა, გონების დაკარგვა და სხვა, თუმცა მეორე დღეს, დილით უკვე შედარებით უკეთ გრძნობდნენ თავს და სხვა ქალაქში გადაფრენაც შეძლეს.
“სპეციალისტებმა, რომლებმაც დაზარალებულები გასინჯეს, იმთავითვე აღნიშნეს, რომ ეს არ იყო შემთხვევითობა, ალერგია, საკვებით რიგითი ინტოქსიკაცია, შესაძლო ეკოლოგიური თუ სხვა ბუნებრივი ზემოქმედების შედეგი. გამოითქვა რამდენიმე ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომელ მომწამლველ ნივთიერებასთან შეიძლებოდა, გვქონოდა აქ საქმე. იყო, მათ შორის, ეჭვი საყოველთაოდ ცნობილ “ნოვიჩოკზეც”. საბოლოოდ სპეციალისტთა უმრავლესობა შეჩერდა ქლორპიკრინზე. ერთადერთი, რაც მათ ამმხრივ აეჭვებდათ, ის იყო, რომ აღნიშნული ნივთიერება საკმაოდ მძარი სუნით ხასიათდება და მისი შეუმჩნევლად გამოყენება რთულია. თუმცა როგორც ერთ-ერთმა სპეციალისტმა აღნიშნა, ცნობილია კვლევები ამ ნივთიერების უსუნო იზოტოპის გამოსამუშავებლადაც. ზუსტი პასუხის მისაღებად გადაწყდა შესაბამისი სინჯების გადაგზავნა სპეცლაბორატორიაში, რომელსაც საბრძოლო მომწამლველი ნივთიერებების დადგენა შეუძლია. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეორე დილისთვის დაზარალებულები უკვე შედარებით ნორმალურად გრძნობდნენ თავს, მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საქმე კი ბევრი ჰქონდათ და გამუდმებით უწევდათ ერთი ქალაქიდან მეორეში გადაფრენა, ლაბორატორიისთვის სინჯების დროულად მიწოდება ვერ მოხერხდა, გასული დღეების განმავლობაში მათ ორგანიზმებში მიმდინარე მეტაბოლიზმი კი სადღეისოდ უკვე თითქმის შეუძლებელს ხდის იმის დადგენას, რა ნივთიერება მოხვდა მაშინ მათ ორგანიზმში” – განაცხადა გროზევმა.
ქლორპიკრინი, იგივე ტრიქლორნიტრომეთანი (ქლორი და ბერძ. pikros მწარე) ძლიერი მომწამლველი და ცრემლდენი ნივთიერებაა. მწვავე სუნის მქონე უფერო ზეთისებრი სითხე აღიზიანებს ლორწოვან გარსს, აზიანებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და კანს. მისი ქიმიური ფორმულაა Cl3CNO2; დუღილის ტემპერატურა — მინ 64°С და მაქს 113 °C; სიმკვრივე — 1653,9კგ/მ2. ქლორპიკრინი მაღალი ტემპერატურის დროს იღებს მოყვითალო ფერს, პრაქტიკულად წყალში უხსნადია, კარგად იხსნება ორგანულ გამსხნელებში, არ ჰიდროლიზდება წყლითა და ტუტეების წყალხსნარში.
მას იყენებენ პესტიციდად, არილმეთანური საღებავების სინთეზში და სხვა. ქლორპიკრინის გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ კანონით აკრძალულია იმ შემთხვევებშიც კი, როცა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ნებადართულია.
ქლორპიკრინის ისტორია 1848 წელს იწყება. თავდაპირველად მას იყენებდნენ საწარმოებში, მოგვიანებით კი, პირველი მსოფლიო ომის დროს (1914 - 1918 წ.წ.) - სამხედრო მიზნებისთვის. პირველად სამხედრო მიზნისათვის 1915 წელს რუსეთის არმიამ გამოიყენა პირველ მსოფლიო ომში, შემდეგ, 1916 წელს - გერმანიის არმიამ. ქლორპიკრინის სამხედრო ვარიანტის სახელწოდებაა „სიენსი“ (CNS ).
ქლორპიკრინი საბჭოთა არმიის ნაწილებმა 1989 წლის 9 აპრილს თბილისშიც გამოიყენეს, რამაც ასობით უდანაშაულო ადამიანის ძლიერი მოწამლვა გამოიწვია. მშვიდობიანი მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე - 16 წლის გოგონა ქლორპიკრინით მოწამლვის შედეგად გარდაიცვალა.
დღეს მსოფლიოში ქლორპიკრინის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება მკაცრადაა აკრძალული. იგი შეტანილია მასობრივი განადგურების იარაღების ნუსხაში.


