
უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებები დასრულდა: კიევმა უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა
29/03/2022 12:27:51 ევროპა, მსოფლიო
სტამბოლში დასრულდა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები.
უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პირობები და ის ქვეყნები დაასახელა, ვისაც ასეთ გარანტორებად განიხილავენ.
უკრაინამ რუსეთს წარუდგინა თავისი წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის თაობაზე ხელშეკრულების შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის ომის დასრულებას.
უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ზოგ ქვეყანას წინასწარი თანხმობა უკვე გაცემული აქვს.
უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება ასევე უნდა ასახავდეს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედების ეფექტურ მექანიზმს. ეს შესაძლოა ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს („ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია“). თუ უკრაინის წინააღმდეგ ომი, აგრესია ან სპეცოპერაცია დაიწყება, მაშინ გარანტორი ქვეყნები მართავენ კონსულტაციებს სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კი კანონით ვალდებულნი არიან უკრაინას დახმარება გაუწიონ.
"ეს წინადადება არ იქნა მიღებული, ჩვენ მას გადავცემთ რუსულ მხარეს. დაველოდებით მათ პასუხს", - განაცხადა არახამიამ.
საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ კი, მოლაპარაკება ვიდეოფორმატით გრძელდებოდა. თავად ის გარემოება, რომ მოლაპარაკებების ადგილი ბელარუსიდან თურქეთში გადაიტანეს, უკრაინულმა დელეგაციამ პირველ გამარჯვებად შეაფასა, რადგან მათი თქმით, თურქეთი უკრაინის მეგობარი სახელმწიფოა და ერთ–ერთი გარანტორი უკრაინის უსაფრთხოების.