"დოლმაბაჰჩეს" სასახლეში, სადაც უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აბრამოვიჩიც იმყოფება
29/03/2022 08:30:34 მსოფლიო
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე "დოლმაბაჰჩეს" სასახლეში, სადაც უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩიც იმყოფება.
თურქული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იგი მაგიდასთან პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პრეს–მდივან იბრაჰიმ კალინთან ერთად ზის.
როგორც ბრიტანული მედია წერს, შეხვედრაზე აბრამოვიჩის ყოფნა იმაზე მეტყველებს, რომ იგი ჯერ კიდევ გარკვეულ დონეზეა ჩართული შუამავლობის მცდელობებში.
28 მარტს The Wall Street Journal-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ რომან აბრამოვიჩს, 3 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა. გამოცემის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, აბრამოვიჩი იმყოფებოდა კიევსა და ლვოვში და პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდა.რომან აბრამოვიჩი ერთ-ერთია იმ რუს ოლიგარქებს შორის, რომელთა წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.


