ერდოღანი – უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე: "კონკრეტული შედეგები უნდა მოიტანოს"
29/03/2022 07:22:32 მსოფლიო
"ორივე მხარეს აქვს ლეგიტიმური შეშფოთება, თუმცა ჩვენ მივედით იქამდე, რომ მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგები უნდა მოიტანოს", – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, "დღევანდელ მოლაპარაკებებში პროგრესი გზას გაუხსნის უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრას".
"თურქეთსაც შეუძლია, უმასპინძლოს ამ მაღალი დონის შეხვედრას", – დასძინა მან.
ერდოღანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა და რუსეთი თურქეთის "ღირებული მეგობრები არიან".
მან მიმართა ორივე ქვეყნის დელეგაციებს და განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება არავის ინტერესებშია:
„ვისურვებდი, რომ ჩვენი შეხვედრები და დისკუსიები წარმატებული იყოს თქვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი რეგიონისთვის და მთელი კაცობრიობისთვის. კონფლიქტის გაგრძელება სარგებელს არავის მოუტანს".
მან გააკეთა მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და განაცხადა, რომ "ტრაგედიის შეჩერება ორივე მხარის გადასაწყვეტია".
ერდოღანის მიმართვის შემდეგ უკრაინასა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
როგორც ცნობილია, შეხვედრამდე თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა. რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, კიევი აცხადებს რომ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის პოზიციები უცვლელი რჩება, საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის ჯარის გაყვანა და უსაფრთხოების მკაცრი გარანტიები.


