"უკრაინაში სპეცოპერაციისას ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი არ არსებობს"
29/03/2022 05:21:09 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები მიღწეული იქნება, თუმცა, იქ მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი არ არსებობს.
ამასთან, პესკოვმა თქვა, რომ 24 თებერვალს უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყველა ნათლად გააფრთხილა, კონფლიქტში არ ჩარეულიყვნენ. ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა პუტინი, რომ მესამე ქვეყნების ჩართვის შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, კრემლის პრეს–მდივანმა უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს.
"პრეზიდენტისგან იყო გაფრთხილება, რომ არავინ ჩარეულიყო. თუ ეს მოხდება, რუსეთს აქვს საშუალებები და შესაძლებლობები, რათა აღკვეთოს და დასაჯოს ისინი, ვინც ამას შეეცდებიან", – განაცხადა მან.
პესკოვის თქმით, რუსეთს შეუძლია, "ბირთვული იარაღი გამოიყენოს და გამოიყენებს, მხოლოდ თავად რუსეთის არსებობისთვის შექმნილი საფრთხის აღმოსაფხვრელად".


