
ბელარუსში რკინიგზის თანამშრომლების დაკავება დაიწყეს - მედია
28/03/2022 18:28:02 ევროპა
ბელარუსის КГБ–მ დაიწყო რკინიგზის ზოგიერთი დეპარტამენტის თანამშრომლებს ინტენსიური შემოწმება, რიგ შემთხვევებში – დაკავება, ძირითადად გომელში – უკრაინის მოსაზღვრე რეგიონში,– იუწყება MotolkoHelp ბელარუსის რკინიგზის პროფკავშირზე დაყრდნობით.
არსებული ინფორმაციით, 28 მარტს სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ლოკომოტივის მემანქანე გომელში, სარკინიგზო დეპოსთან დააკავეს. 27 მარტს კვლავ გომელში სამი დამხმარე მძღოლი დააკავეს.
პროფკავშირი ასევე იუწყება ბელარუსის რკინიგზის სხვა განყოფილებებში თანამშრომლების შემოწმებისა და დაკავების შესახებ.
როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, КГБ შეშფოთებულია ბელარუსის რკინიგზაზე რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების ნაწილების ტრანსპორტირების უსაფრთხოებით.
აქედან გამომდინარე, „წმენდა“ შესაძლოა, უპირველეს ყოვლისა, ეხებოდეს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მქონე თანამშრომლებს და რკინიგზის ოპერატორებს.
- 27 მარტს უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სარდლობა ქვედანაყოფებს როტაციას ახორციელებს – ბელარუსში გადაჰყავს ძალები და მათ ჩანაცვლებას რეზერვით ცდილობს.
- ამასთან, ბელარუსში დაიწყო იმ მოქალაქეების დაკავება, რომლებიც იღებდნენ რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველ ფოტო–ვიდეო მასალას.
- მანამდე ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბელორუსი პარტიზანები აწარმოებდნენ "სარკინიგზო ომს" რუსული ძალების წინააღმდეგ და ხელს უშლიდნენ რუსული ტექნიკის ტრანსპორტირებას.