მკვლელობამდე ნემცოვს ФСБ–ს იგივე ოფიცრები უთვალთვალებდნენ, რომლებიც ნავალნის საქმეში ფიგურირებდნენ– Bellingcat
28/03/2022 13:35:06 მსოფლიო
დღეს Bellingcat-ის, The Insider-ის და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა გამოაქვეყნებს ერთობლივი გამოძიების შედეგები FSB-ის ოფიცრებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლიტიკოს ბორის ნემცოვს უთვალთვალებდნენ.
გამომძიებლები ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკოსის მკვლელობამდე ათი თვით ადრე, FSB-ს ოფიცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაჰყვებოდნენ და რომ ეს იგივე ხალხი შეიძლება, იყოს რომლებიც ჩართულნი იყვნენ მწერალ დიმიტრი ბიკოვის, პოლიტიკოსების ალექსეი ნავალნის და ვლადიმერ კარა-მურზას მოწამვლაში. ამ დასკვნამდე ჟურ ნალისტები მივიდნენ „მაგისტრალის“ მონაცემთა ბაზის (რომელიც ინახავს ინფორმაციას საჰაერო და რკინიგზის ბილეთების შესყიდვებისა და დაჯავშნის შესახებ), ასევე შეძენილი მასალების შესწავლის შემდეგ.
გამოძიების შედეგების მიხედვით, ნემცოვზე თვალთვალს ვალერი სუხარევი – FSB-ს ოფიცერი ახორციელებდა
პირველი მოგზაურობა, რომელშიც უსაფრთხოების ძალები თან ახლდნენ ნემცოვს, შედგა 2014 წლის 19-21 მაისს იაროსლავში - იმჟამად პოლიტიკოსი იაროსლავის რეგიონალური დუმის დეპუტატი იყო.
ჟურნალისტების ცნობით, სუხარევი ნემცობს 2014 წლის მაისიდან 2015 წლის თებერვლამდე მინიმუმ 13 მოგზაურობის დროს ადევნებდა თვალს. ორჯერ სუხარევს თან ახლდა FSB–ს ოპერმუშაკი დიმიტრი სუხინინი, რომელსაც აქვს გამოცდილება ქიმიასა და კრიპტოგრაფიაში. შემდგომში ასევე ოპერმუშაკი – ალექსეი კრივოშჩეკოვი. სამივე FSB-ს მე-2 სამსახურის თანამშრომელია, რომელშიც შედის კონსტიტუციური წესრიგის დაცვის დეპარტამენტი.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ჩვეულებრივ, FSB-ს თანამშრომლები კონკრეტულ ადგილზე ნემცოვამდე ერთი დღით ან რამდენიმე საათით ადრე მიდიოდნენ და გზა რომ არ გადაეკვეთათ, მასზე ცოტა ხნით ადრე ტოვებდნენ. მაგალითად, 2014 წელს ნოვოსიბირსკში მოგზაურობისთვის ნემცოვმა თვითმფრინავის ბილეთი 2 ივლისს, 00:10 საათზე დაჯავშნა; სუხარევმა და კრივოშჩეკოვმა კი – 10 წუთის შემდეგ. დაზვერვის ორივე ოფიცერი ნოვოსიბირსკში ჩავიდა იმავე დღეს, როდესაც ნემცოვი – 4 ივლისს, მაგრამ რამდენიმე საათით ადრე. ხოლო ქალაქი 6 ივლისს დატოვეს– ნემცოვზე ერთი საათით ადრე. შემდეგ ნემცოვი ნოვოსიბირსკში ჩავიდა, რათა ანგარიში წარედგინა „გაზპრომში“ კორუფციის შესახებ.
როგორც ჟურნალისტებმა აღმოაჩნეს, მეთვალყურეობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკოსმა პუტინის მეგობრებისა და რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ლობირება დაიწყო. 2014 წლის იანვრის ბოლოს (მეთვალყურეობის დაწყებამდე ორი თვით ადრე) ნემცოვი შეხვდა ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორებს ჯონ მაკკეინს და რონ ჯონსონს და მათ გადასცა სანქციების სიაში შესული 13 ადამიანის გვარი. უკვე 20 მარტს შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა სანქციების განახლებული სია, რომელშიც მათ შორის შედიოდნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს იმჟამინდელი სპიკერი სერგეი ნარიშკინი, ГРУ-ს ხელმძღვანელი იგორ სერგუნი, ნარკოტიკების კონტროლის ფედერალური სამსახურის დირექტორი ვიქტორ. ივანოვი, რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი ვლადიმერ იაკუნინი და ბიზნესმენები პუტინის გარემოცვიდან. სანქციები 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის დაკავების შემდეგ შემოიღეს.
ჟურნალისტების დასკვნით, FSB-ს ოფიცრები, რომლებიც თან დაჰყვებოდნენ ნემცოვს, ასევე დაკავებულნი იყვნენ პოლიტიკოსების ალექსეი ნავალნისა და ვლადიმერ კარა-მურზას თვალთვალით. ვალერი სუხარევისა და ნიკოლაი კრივოშჩეკოვის სახელები ალექსეი ნავალნის და ნემცოვის მოკავშირის – ვლადიმერ კარა-მურზას მოწამვლის შესახებ Bellingcat-ის წინა გამოძიებებში იყო ნახსენები. ეს უკანასკნელი ორჯერ – 2015 და 2017 წლებში მოიწამლა. ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს.
ჟურნალისტების თქმით, ნავალნის შემთხვევაში FSB–ს ოფიცერი სუხარევი უშუალოდ არ იყო ჩართული გარე მეთვალყურეობაში, მაგრამ ყოველთვის კონტაქტში იყო მათთან, ვინც ოპოზიციონერს მიჰყვებოდა - ეს გამომდინარეობს FSB-ს ოფიცრების მობილური ტელეფონების ბილინგის მონაცემებიდან. გარდა ამისა, სუხინინისა და კრივოშჩეკოვის სახელები გამოვლინდა მწერლისა და პოეტის დიმიტრი ბიკოვის მოწამვლის საქმეში, რომელიც კომაში ჩავარდა 2019 წელს უფაში მოგზაურობის დროს.
ჟურნალისტები ასკვნიან, რომ მეთვალყურეობა და ოპოზიციონერების მოწამვლის ოპერაციები როგორც ჩანს, კოორდინირებული იყო ვალერი სუხარევის მიერ. მისი მოგზაურობის ანალიზზე დაყრდნობით ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ ის იყო FSB-ს უმაღლესი რანგის ოფიცერი, რომელსაც დაევალა ოპოზიციის თვალთვალი. გამომძიებლების თქმით, სუხარევი მუშაობს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის კონსტიტუციური წესრიგის დაცვის დეპარტამენტში. ის ხანდახან იმალებოდა ნიკოლაი გოროხოვის სახელით.
ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებმა სუხარევს "მკვლელთა გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი" უწოდეს. მან ასევე გამოიყენა ფიქტიური სახელი დიმიტრი ბიკოვისა და ვლადიმერ კარა-მურზას თვალთვალისას.
გამოძიების შედეგების თანახმად, ბორის ნემცოვზე თვალთვალი მოულოდნელად შეწყდა 2015 წლის 17 თებერვალს – მის მკვლელობამდე 10 დღით ადრე. ნემცოვზე თავდასხმა 27 თებერვალს, გვიან საღამოს მოხდა: მკვლელი მას კრემლის მახლობლად ბოლშოი მოსკვორეცკის ხიდზე დაეწია და ზურგში რამდენჯერმე ესროლა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ქალაქის ცენტრში და კრემლის წინ მოხდა, საქმეში არ არის ქუჩის კამერების ვიდეოჩანაწერი, რომელიც მკვლელობის მკვლელებს დააფიქსირებდა.
მკვლელობაში მონაწილეობისთვის ხუთი ჩეჩენი გაასამართლეს: ზაურ დადავევა, ანზორ გუბაშევი, შადიდ გუბაშევი, თემირლან ესკერხანოვი და ხამზათ ბახაევი. ზაურ დადაევი ჩეჩნეთში მსახურობდა, შინაგან ჯარებში. მისი პარტნიორი ბესლან შავანოვი მსახურობდა ჩეჩნეთის პოლიციაში; შავანოვი 2015 წლის მარტში დაკავებისას გარდაიცვალა.
გამოძიებამ უგულებელყო მკვლელობის ზოგიერთი შესაძლო თანამზრახველი და ორგანიზატორი. იყო ეჭვები, რომ ბრალდებულთა ნაწილი დაკავშირებული იყო სენატორ სულეიმან გერემეევთან და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ადამ დელიმხანოვთან - რამზან კადიროვთან უკიდურესად დაახლოებულ ადამიანებთან. გამომძიებლებს არ გამოუძიებიათ ჩეჩნური ბატალიონის „ჩრდილოეთის“ მეთაურის ყოფილი მოადგილის რუსლან გერემეევის მონაწილეობა. გამომძიებელს გერემეევი არ დაუკითხავს და როგორც გამომძიებელმა განმარტა, სახლის კარი არ გაუღეს.
ნემცოვის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ცხრა თვე გაგრძელდა, თუმცა მკვლელობის ორგანიზატორებისა და დამკვეთების შესახებ კითხვებს ამომწურავი პასუხები არ გასცემია. ოფიციალურად საგამოძიებო კომიტეტმა ორგანიზატორად დაასახელა რუსლან მუხუდინოვი, რომელიც რუსლან გერემეევის მძღოლად მუშაობდა. მუხუდინოვი ოფიციალურად იძებნება, თუმცა როგორც ჩანს, ის უკრაინაში იმყოფება: 26 მარტს რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასევე ამოიცნეს გერემეევი. არსებული ცნობებით, გერემეევი ერთ–ერთ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს.


