
თურქეთის შემდეგ ნაღმი რუმინეთის სანაპიროსთანაც იპოვეს
28/03/2022 11:33:25 ევროპა, მსოფლიო
რუმინეთის სანაპიროსთან 28 მარტის დილით, საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ნაღმი დილით, კაპუ მიდიის რაიონში რუმინული თევზსაჭერი გემის „ოლიმპ-1“-ის მეზღვაურებმა შენიშნეს. კაპიტანმა შესაბამის სამსახურს ამის შესახებ 8:10 წუთზე შეატყობინა. ამის შემდეგ საზღვაო ხელისუფლებამ ტერიტორიის სამძებრო ოპერაციის ბრძანება გასცა.
მანამდე თურქეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა ბულგარეთის საზღვართან შავ ზღვაში ნაღმის აღმოჩენის შესახებ, რომელიც უკვე განეიტრალებულია.
ნაღმის გამო თურქეთმა 26 მარტს ბოსფორში გემების მოძრაობა დროებით დაბლოკა. ამის შემდეგ თურქეთმა კონსულტაციების მოთხოვნით მიმართა უკრაინულ და რუსულ მხარეებს.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, საუბარია ძველი სტილის მცურავ ნაღმებზე.
სავარაუდოდ, სწორედ ისინი გამოიყენეს რუსებმა ზღვის რიგი მონაკვეთების დასანაღმად. რუსული წყაროების ცნობით, 420 ნაღმი იყო განთავსებული უკრაინის მახლობლად.