როდიდან პროგნოზირებს ფინანსთა მინისტრი საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელის შემცირებას
28/03/2022 10:49:47 ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი მარტი-აპრილიდან დაიწყებს შემცირებას.
"ჩვენ ინფლაციასთან მიმართებით, ბუნებრივია, გვქონდა პროგნოზი, გვქონდა გათვლები, მათ შორის ეროვნულ ბანკთან ერთად, რომ ინფლაცია უნდა დაბრუნებულიყო ძალიან ახლოს მიზნობრივ მაჩვენებელთან, რომელიც არის სამი პროცენტი, თუმცა ინფლაციის პროგნოზმა განიცადა შესაბამისი კორექტირება იქიდან გამომდინარე, რომ რუსთის შეჭრის შედეგად უკრაინაში დაიწყო ომი. შესაბამისად, მთელ რიგ პროდუქტებზე, რომლის მომწოდებლებიც ეს ქვეყნები იყვნენ და არა მარტო, დაიწყო ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ 70-75-დან 120 დოლარზე გაიზარდა ნავთობის ფასი ბარელზე, რაც არის მნიშვნელოვანი ზრდა და უშუალოდ უკავშირდება საომარ მოქმედებებს უკრაინაში. ბუნებრივია, ყველა ეს ფაქტორი ასახვას ჰპოვებს ინფლაციის დონეზე საქართველოში, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ შარშანდელი ინფლაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო ქვეყანაში. შესაბამისად, ბაზა არის მაღალი. ინფლაცია ნამდვილად დაიწყებს შემცირებას უკვე მარტი-აპრილის თვიდან, მაგრამ ის ვეღარ დაუახლოვდება იმ მიზნობრივ მაჩვენებელს, რა მიზნობრივ მაჩვენებელზეც გვქონდა ჩვენ პროგნოზი გაკეთებული. ანუ სამპროცენტიან ნიშნულზე, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ნამდვილად დაიწყებს შემცირებას მარტი-აპრილის თვიდან“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


