რუსი მწერალი: "არც ნატო-ს და არც უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დეპუტინიზაცია, ეს რუსებმა უნდა გავაკეთოთ"
28/03/2022 08:51:08 მსოფლიო
"არც ნატო-ს და არც უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დეპუტინიზაცია, ეს რუსებმა უნდა გავაკეთოთ", – წერს რუსი მწერალი მიხაილ შიშკინი "The Guardian"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც შიშკინი აღნიშნავს, ახალი, დემოკრატიული რუსეთის შექმნა შეუძლებელია ეროვნული აზროვნების შეცვლისა და ეროვნული დანაშაულის აღიარების გარეშე.
"რუსული ტელევიზიები დაბომბილ უკრაინულ ქალაქებსა და ბავშვების ცხედრებს არ აჩვენებენ. რუსეთში გაბედულ ახალგაზრდებს, რომლებიც ომს აპროტესტებენ, სცემენ და აპატიმრებენ, ხოლო ხალხის უმეტესობა დუმს - არ არის მასობრივი პროტესტი, გაფიცვები. მტკივნეულია იმის დანახვა, რომ ჩემი ბევრი თანამოქალაქე მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს.
რუსული ტელევიზია ახლა ხშირად აშუქებს ინტერვიუს ცნობილ მსახიობ სერგეი ბოდროვთან. „ომის დროს საკუთარ თავზე ცუდად ლაპარაკი არ შეიძლება. ეს არ შეიძლება, გააკეთო მაშინაც კი, თუ შენი ქვეყანა სცდება", აცხადებს ბოდროვი. ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ „თავიანთს“, თუნდაც ისინი უკრაინელებს ხოცავდნენ. [...] ჩემი თანამემამულეების მცირე ნაწილია მზად დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა მაინც ქედს იხრის ძალაუფლების წინაშე და ეთანხმება ამგვარი ცხოვრების წესს.
[...] რუსეთში დემოკრატიული სოციალური წყობის დანერგვის ორი მცდელობა უკვე ჩაიშალა. 1917 წელს პირველმა რუსულმა დემოკრატიამ მხოლოდ რამდენიმე თვე შეძლო არსებობა, ხოლო 1990-იან წლებში –რამდენიმე წელი ისიც დიდი გაჭირვებით. ყოველთვის, როცა ჩემი ქვეყანა ცდილობს, დემოკრატიული საზოგადოების შექმნას არჩევნების, პარლამენტისა და რესპუბლიკის დაარსებით, ის ტოტალიტარულ იმპერიაში აღმოჩნდება ხოლმე. დიქტატურა და დიქტატორი შობს მონა მოსახლეობას თუ მონა მოსახლეობა შობს დიქტატურას და დიქტატორს? დაახლოებით, ქათამის და კვერცხის წარმოშობის საკითხია. როგორ შეიძლება, გაირღვეს ეს მანკიერი წრე? როგორ შეიძლება, დაიწყოს ახალი რუსეთის მშენებლობა? ჰიტლერის გერმანიამ იპოვა დიქტატურის მანკიერი წრიდან გამოსასვლელი გზა. გერმანელებმა შეძლეს დემოკრატიულად ორიენტირებული საზოგადოების აგება. თუმცა, მათი ერის აღორძინება განპირობებული იყო სრული, გამანადგურებელი სამხედრო მარცხით. ეს ნულოვანი საათი რუსეთსაც სჭირდება. რუსეთში ახალი დემოკრატიული დაწყება შეუძლებელია ეროვნული დანაშაულის აღიარების გარეშე.
რუსეთში არ ყოფილა დესტალინიზაცია და არც კომუნისტური პარტიის ნიურნბერგის სასამართლო პროცესი. ახლა რუსეთის ბედი დეპუტინიზაციაზეა დამოკიდებული. როგორც 1945 წელს გერმანიის „უმეცარ“ მოსახლეობას აჩვენეს საკონცენტრაციო ბანაკები, ასევე „უმეცარ“ რუსებს უნდა აჩვენონ დანგრეული უკრაინის ქალაქები და ბავშვების ცხედრები. ჩვენ რუსებმა ღიად და გაბედულად უნდა ვაღიაროთ ჩვენი დანაშაული და ვითხოვოთ პატიება.
არც ნატო-ს და არც უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დეპუტინიზაცია, ეს რუსებმა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ თავად უნდა გავწმინდოთ ჩვენი ქვეყანა. მზად არის ჩემი ხალხი ამ ამოცანისთვის? ომის შემდეგ, მსოფლიო დაეხმარება უკრაინას აღდგენაში. მაგრამ რუსეთი ეკონომიკურად დაინგრევა. იმპერიის დაშლა მთელი ძალით გაგრძელდება. ჩეჩნებს დამოუკიდებლობისკენ მიჰყვებიან სხვა ხალხები და რეგიონები. რუსეთის ფედერაცია დაიშლება. მაგრამ ბოლო მსოფლიო იმპერიის ხალხებისა და რეგიონების ცენტრიდანული ძალა შეიძლება, იყოს როგორც გამწმენდი, ასევე დამანგრეველი. რუსულმა ცნობიერებამ უნდა ისწავლოს იმის მიღება, რომ შეიძლება, არსებობდეს რამდენიმე სახელმწიფო, სადაც რუსული სახელმწიფო ენა იქნება. იმპერია ავთვისებიანი სიმსივნესავით უნდა მოიკვეთოს გონებიდან და სულიდან. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ ახალმა სახელმწიფოებმა გაატარონ რეფორმები.
მაგრამ შეუძლია თუ არა დემოკრატიას თავის დამკვიდრება მოქალაქეთა კრიტიკული მასაში მომწიფებული სამოქალაქო საზოგადოების გარეშე? „მომავლის მშვენიერი რუსეთი“ (ეს არის ალექსეი ნავალნის დევიზი) თავისუფალი არჩევნებით უნდა დაიწყოს. მაგრამ ვინ განახორციელებს მათ და რა წესების მიხედვით? იგივე ათიათასობით შეშინებული მასწავლებელი, რომლებმაც პუტინის გაყალბებულ არჩევნებში მიიღეს მონაწიელობა? და შეიძლება, ვინმე დარწმუნებული იყოს, რომ რუსეთის ჭეშმარიტად თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვებს დემოკრატიული ოპოზიციის "ეროვნული მოღალატე" და არა "პატრიოტი", რომელიც იბრძოდა "უკრაინელი ფაშისტების" წინააღმდეგ?
კეთილგანწყობილ მეფეზე დაყრდნობილი მოსახლეობა ერთ საათში პასუხისმგებლიან ამომრჩევლად ვერ გადაიქცევა. და ვინ განახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს? ჩინოვნიკებს, რომლებიც პუტინის რეჟიმის პირობებში კორუფციასა და კრიმინალში იყვნენ გარეულნი, არ უნდა მიეცეთ საშუალება, ააშენონ ახალი სახელმწიფო. ისინი ყველა კორუმპირებულია.
მსოფლიოში ისმის მოწოდება "რუსული ნიურნბერგის" შექმნის თაობაზე. მაგრამ ვინ მოაწყობს და განახორციელებს ამ სასამართლო პროცესებს რუსეთში? ვინ გააკეთებს წარსულის ამ დიდ გადაფასებას? ვინ გამოავლენს დანაშაულს და დასჯის დამნაშავეებს? თავად დამნაშავეები? შეიძლება პუტინის გადაყენება და შეცვლა, მაგრამ როგორ შეიძლება, მოულოდნელად შეცვალოს მილიონობით კორუმპირებული ჩინოვნიკი, დაქირავებული პოლიციელი და მორჩილი მოსამართლე?
ხანგრძლივი, მტკივნეული აღორძინება რუსეთისთვის წინსვლის ერთადერთი გზაა და ყველა ეს სანქციები, სიღარიბე და საერთაშორისო იზოლაცია არ იქნება ყველაზე უარესი, რაც ჩვენ ამ გზაზე გველის. უფრო საშინელი იქნება, როცა რუსი ხალხისთვის შინაგანი აღორძინება არ იქნება. პუტინი სიმპტომია და არა დაავადება", – წერს მიხაილ შიშკინი.


