
რუსეთის სარაკეტო დარტყმით ლვოვის მახლობლად ნავთობის ბაზა განადგურდა
27/03/2022 20:15:12 ევროპა
ლვოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ კვირას განაცხადა, რომ შაბათს რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად მთლიანად განადგურდა ქალაქ ლვოვის მახლობლად მდებარე ნავთობის ბაზა.
დარტყმა შაბათს საღამოს განხორციელდა სამი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრით“ მაშინ, როცა ვარშავაში, ლვოვიდან დაახლოებით 400 კილომეტრზე, სიტყვით გამოდიოდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ხანძარს დილამდე აქრობდნენ. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაღუპულა.
ნავთობის ბაზაზე დარტყმა ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც განაცხადა, რომ „ბაზა საწვავით უზრუნველყოფდა უკრაინის ჯარებს“. სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ლვოვის ერთ-ერთ ქარხანაზე.
უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის კიდევ ერთმა სარაკეტო დარტყმამ შაბათს დაანგრია ნავთობის ბაზა დასავლეთ უკრაინის ქალაქ დუბნოში.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში რუსეთის ჯარები მიზანმიმართულად აწარმოებენ სარაკეტო იერიშებს უკრაინის ნავთობის საწყობებზე, მათ შორის - საბრძოლო მოქმედებებიდან შორს.