უკრაინელი დეპუტატი: "კიევში ხალხი შიმშილობს და იძულებულნი არიან საკანალიზაციო წყალი დალიონ"
27/03/2022 11:27:35 მსოფლიო
უკრაინელმა დეპუტატმა ლესია ვასილენკომ იმ არაადამიანულ პირობებზე ისაუბრა, რომელშიც უკრაინელი ხალხი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შედეგად ცხოვრობს.
"მთელი ქვეყნის მასშტაბით ვითარება უარესდება. ხალხი საკვებისა და სასმელი წყალის გარეშეა დარჩენილი. კიევში ხალხი შიმშილობს და იძულებულნი არიან საკანალიზაციო წყალი დალიონ. მოსახლეობა თავს სარდაფებსა და მეტროსადგურებს აფარებს. მარიუპოლიდან ათასობით ადამიანი იძულებით გაჰყავთ რუსეთში. მათ გაურკვეველი მიმართულებით გზავნიან და მათთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება", – განაცხადა დეპუტატმა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.


