"თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა კვლავ უნდა ისაუბრონ რუსეთთან, რათა ხელი შეუწყონ უკრაინაში ომის დასრულებას"
27/03/2022 10:50:01 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პრეს–სპიკერ იბრაჰიმ კალინის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების ხელშეწყობის მიზნით რიგმა ქვეყნებმა რუსეთთან დიალოგი კვლავ უნდა აწარმოონ.
"თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა კვლავ უნდა ისაუბრონ რუსეთთან, რათა ხელი შეუწყონ უკრაინაში ომის დასრულებას. თუ ყველა დაწვავს ხიდებს რუსეთთან, მაშინ ვინ აპირებს მასთან საუბარს დღის ბოლოს? უკრაინელებს ყველა შესაძლო საშუალებით სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვა... მაგრამ რუსეთის საქმე ასე თუ ისე უნდა მოისმინონ", – განაცხადა კალინმა დოჰას საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ანკარამ ომი უწოდა. თურქეთმა მოსკოვის ქმედებებს მიუღებელი უწოდა, აამოქმედა "მონტრეს კონვენცია", მხარდაჭერა გამოუცხადა კიევს, მან რუსულ და უკრაინულ მხარეებს შუამავლობაც შესთავაზა, თუმცა იგი არ შეურთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
ამასთან, ანკარამ მიჰყიდა კიევს სამხედრო დრონები და ხელი მოაწერა შეთანხმებას მეტი თანაწარმოების შესახებ, რამაც კრემლის გაბრაზება გამოიწვია. თურქეთი ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას სირიასა და ლიბიაში, ისევე როგორც მოსკოვის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიას.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.


