დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ კრასნოგორლოვკას მიდამოებში ოკუპანტებმა აკრძალული კასეტური იარაღი "ტორნადო-С" გამოიყენეს
27/03/2022 10:16:16 მსოფლიო
დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ კრასნოგორლოვკას მიდამოებში ოკუპანტებმა აკრძალული კასეტური იარაღი "ტორნადო-С" გამოიყენეს.
ამჟამად ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ, რადგან ჭურვების თვითლიკვიდაციის დრო 40 სთ-ს შეადგენს და აფეთქების საშიშროება ჯერ კიდევ ნარჩუნდება.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.


