ბუდანოვი: "რუსეთს უკრაინაში ფაქტობრივად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის შექმნის მცდელობა აქვს"
27/03/2022 09:54:59 მსოფლიო
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთი ამჟამად ცდილობს, უკრაინა გაყოს ორ ნაწილად.
"იქედან გამომდინარე, რომ რუსეთმა ამ დრომდე ვერ შეძლო მთელი ქვეყნის დაპყრობა, იგი ამჟამად ცდილობს უკრაინა გაყოს ორ ნაწილად, რათა შექმნას მოსკოვის მიერ კონტროლირებადი რეგიონი. ფაქტობრივად, ეს არის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის შექმნის მცდელობა უკრაინაში”, - განაცხადა ბუდანოვმა და დასძინა, რომ უკრაინა მალე დაიწყებს პარტიზანულ ომს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.


