Accentnews.ge
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახური: "მალე გაზაფხული მოვა, ჩვენი ტყეები ამწვანდება და აგრესორს ნამდვილი ჯოჯოხეთი ელოდება"

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახური: "მალე გაზაფხული მოვა, ჩვენი ტყეები ამწვანდება და აგრესორს ნამდვილი ჯოჯოხეთი ელოდება"

26/03/2022 17:17:01 მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი რუსულ ძალებს ნამდვილ ჯოჯოხეთს უწინასწარმეტყველებს, – იუწყება The Nation.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა, იბრძოლოს და გაიმარჯვოს.

"სიტუაცია ძალიან რთულია. დიდი რაოდენობით რუსული ძალებია ჩვენს ტერიტორიაზე და მათ ალყა შემოარტყეს უკრაინის რამდენიმე ქალაქს. რაც შეეხება მშვიდობის პერსპექტივას, მოლაპარაკებების მიუხედავად, ეს მაინც ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადი რჩება. რუსული მხარე არასოდეს ყოფილა პროგნოზირებადი მოლაპარაკებებში. ჩვენს ქვეყანას ესმის ვისთან აქვს საქმე და აქ რაიმე სასწაულს არ ველით. საქმე გვაქვს კრიმინალთა, მძარცველთა და დაქირავებულთა არმიასთან. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. რამდენიმე დღის წინ ჩერნიგოვთან უკრაინელმა მეტყევემ ყუმბარით აიფეთქა თავი. მან რუს სამხედროებს ადგილობრივი მონადირეების სია არ გადასცა. ჩვენი მეომრები, ჩვენი სამხედროები, თუნდაც ჩვენი მონადირეები დაიწყებენ ნადირობას აგრესორზე – რუსულ ძალებზე. მალე გაზაფხული მოვა, ჩვენი ტყეები გამწვანდება და აგრესორს ნამდვილი ჯოჯოხეთი ელოდება", – აცხადებს ბუდანოვი.

მან იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რაც მისი თქმით, უკრაინული ძალების ეფექტურობას განაპირობებს:

"პირველი არასწორი გათვლებია. რუსულ სარდლობას არაერთხელ გაუკეთებია არასწორი გათვლები და ჩვენ ამ არასწორ გათვლებს ვიყენებთ. ჩვენმა ჯარმა აჩვენა, რომ რუსეთის არმია, როგორც მეორე არმია მსოფლიოში, არის დიდი მითი და ეს არის მხოლოდ შუა საუკუნეების ცოცხალი ძალის კონცენტრაცია, ომის ძველი მეთოდებით. უკრაინული ძალების ეფექტურობის მეორე მიზეზი სადაზვერვო მონაცემების შეგროვებაა. ჩვენ გვყავს ბევრი ინფორმატორი არა მხოლოდ რუსეთის ჯარში, არამედ მათ პოლიტიკურ წრეებსა და ხელმძღვანელობაში. ნოემბერში ჩვენ უკვე ვიცოდით რუსების განზრახვების შესახებ და უკრაინელები შეჭრისთვის მზად იყვნენ".

ამასთან, მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებულად უმკლავდებიან მათ წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნებს:

"ჩეჩნების რიგებში ბევრი ინფორმატორი გვყავს. როგორც კი რაიმე ოპერაციის მომზადებას დაიწყებენ, ეს ჩვენი ინფორმატორებისგან მყისიერად ვიცით".

რაც შეეხება ჰაკერულ თავდასხმებს, მისი თქმით, უკრაინამ მოახდინა ჰაკერების დიდი მოხალისე ძალების მობილიზება, რომელთა სამიზნე რუსეთის ციფრული ინფრასტრუქტურაა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა საბოლოოდ შეძლებს, განათავსოს სრულად ფუნქციონალური საჰაერო თავდაცვის სისტემა და მოიძიოს საერთაშორისო გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მშვიდობას.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. ნატო უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარს აცხადებს.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S