
უკრაინაში მეოთხე ქართველი მებრძოლი დაიღუპა
26/03/2022 12:36:20 საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 48 წლის დავით გობეჯიშვილი აფხაზეთიდან დევნილი იყო. ის უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ჩავიდა.
„უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
არსებული ინფორმაციით, მეოთხე ქართველი სამხედრო 25 მარტს დაიღუპა უკრაინის ქალაქ ირპენთან, რომელიც ხშირად არის რუსეთის ავიაიერიშების სამიზნე.
ცხედარი ცხელი წერტილიდან გოჩა ხორავას ჯგუფმა გამოიყვანა. მას ორშაბათს ჯერ ვარშავაში, შემდეგ სამშობლოში გადმოასვენებენ.
მანამდე, 18 მარტს, ასევე სწორედ ქალაქ ირპენთან დაიღუპა ორი ქართველი მებრძოლი - დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, რომლებიც 26 მარტს თბილისში დაკრძალეს.
ჯერჯერობით ვერ ხერხდება ქალაქ მარიუპლოში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი სამხედროს, ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება საქართველოში.
რუსეთის არმია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.