"ან ინფარქტი, ან მოწამლვა": რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსს ჯანმრთელობის ერთნაირი პრობლემები შეექმნათ
25/03/2022 23:40:58 მსოფლიო
რუსული და უკრაინული წყაროების ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროს იგორ კოსტიუკოვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
რიგი დამოუკიდებელი რუსული საინფორმაციო-ანალიტიკური იუთუბ-არხები ერთ-ერთ იმ ჩინოსანზე დაყრდნობით, რომელმაც აღნიშნული პირები ბოლოს ნახა, იუწყებიან, რომ ორივე ძალოვან მაღალჩინოსანს აღენიშნებოდა ერთი და იგივე - ინფარქტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: წვა გულის არეში, გართულებული სუნთქვა და ა.შ., იმ სხვაობით, რომ შოიგუმ ყველაფერთან ერთად, გონებაც დაკარგა.
ამასთან, ანონიმი ჩინოსანი თვლის, რომ ეს სიმპტომები შესაძლოა, შესაბამისი ნივთიერებით მოწამლვის შედეგადაც გამოვლენილიყო, თუმცა არც ინფარქტს გამორიცხავს იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მაღალჩინოსანს პრეზიდენტ პუტინთან "ძალზე არასასიამოვნო საუბარი" ჰქონდა.
შოიგუს ინფარქტის შესახებ ცოტა ხნის წინ თავის ტელეგრამ-არხში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკოც წერდა. მისი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი რეაბიტაციის კურსს ბურდენკოს სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. მანამე ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა თავის გვერდზე უკრაინის შს ექს-მინისტრმა არსენი ავაკოვმაც.
ცნობისთვის: სერგეი შოიგუ, ისევე, როგორც შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, საჯარო სივრციდან ჯერ კიდევ 11 მარტს გაუჩინარდნენ, თუმცა მედიამ ამ ფაქტზე მხოლოდ 23 მარტს გაამახვილა ყურადღება. ამის შემდეგ რუსულმა სახელმწიფო ტელეარხებმა უჩვენეს პრეზიდენტ პუტინის ვიდეოთათბირი მინისტრებთან, რომელსაც ვითომდა შოიგუც ესწრებოდა. თუმცა კადრებმა სპეციალისტებს მონტაჟის საფუძვლიანი ეჭვი გაუჩინა.
"შოიგუს ახლა მედიისთვის დრო არ აქვს, მას ბევრი საზრუნავი აქვს უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით" - განაცხადა მოგვიანებით საკითხის კომენტირებისას კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, გერასიმოვი კი საერთოდ აღარ უხსენებია.
ეს განცხადება ისედაც ვერ ჟღერდა მაინცდამაინც დამაჯერებლად, თუმცა რასაც პესკოვის სიტყვები ნამდვილად ვერაფრით ახსნის, არის ის ფაქტი, რომ 11 მარტიდან მოყოლებული, შოიგუ წლობით გამართულად მომუშავე სპეციალურ ხაზზე მისი ამერიკელი კოლეგის - ლოიდ ოსტინის ზარებს აღარ პასუხობს.
ამასთან, 25 მარტს სოცქსელებში გაჟონა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ხელმოწერილმა ბრძანებამ იმის შესახებ, რომ რაკი მედიაში შოიგუსთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, თავდაცვის უწყება "მის საქმიანობას ყოველდღიურად განასაჯაროებს".
იკითხეთ ასევე: "რუსეთის შეიარაღებული ძალები - ეს პროფანაცია და დიდი სიცრუეა"
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში წარუმატებლობასა და თავად ამ აგრესიის იდეას არაერთი რუსი ექსპერტიც, სამხედრო ჟურნალისტიცა და მოქმედი თუ ყოფილი სამხედროც სწორედ შოიგუს, მის მოადგილეებსა და რიგ სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებს უკავშირებს - და არა მარტო სტრატეგიული თუ ტაქტიკური დაგეგმარების, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ "წლობით იპარეს ჯარისთვის გათვალისწინებული მილიარდობით რუბლი, მერე კი გადაწყვიტეს, ამ ყველაფრის "ჩამოსაწერად" დაერწმუნებინათ პუტინი "პატარა ომის" აუცილებლობასა და იმაში, რომ კიევის აღება 2-3 დღეში მოხერხდებოდა". მეორეს მხრივ, არანაკლებ იპარავდნენ უშიშროების ფედერალური სამსახურის მაღაჩინოსნებიც, ამ მხრივ ომი მათაც აწყობდათ და ისინიც, შოიგუსა და მისი გუნდის მსგავსად, ცრუ მონაცემებს უპატაკებდნენ ისედაც იმპერიული ამბიციებით შეპყრობილ პუტინს იმის შესახებ, თითქოს უკრაინის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსებს სიხარულითა და თაიგულებით შეეგებებოდა.
ახლა კი, რუსეთის მიერ უკრაინაში კონვექციური ომის ფაქტობრივი წაგების პირობებში, უკვე მეორე კვირაა, როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნების დაზვერვის სამსახურები პუტინის გარემოცვაში ვითარების უკიდურესად დაძაბვის, ძალოვან უწყებებში დაწყებული რეპრესიებისა და თავად პრეზიდენტში გადატრიალების პანიკური შიშის გაჩენის შესახებ ავრცელებენ ცნობებს.


