ვრცელდება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის თავდაცვა შოიგუს გაუჩინარების გადაფარვას ცდილობს
25/03/2022 21:47:23 მსოფლიო
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშინკო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია მინისტრ სერგეი შოიგუს საქმიანობაზე, რომელიც 11 მარტიდან საჯარო სივრცეში არ ჩანს, მედიაში ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გავრცელდეს.
დოკუმენტი "ინფორმაციული ხასიათის ღონისძიებების ჩატარების შესახებ" 23 მარტით არის დათარიღებული და მასში, კერძოდ, წერია:
"ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სერგეი შოიგუ მის სამუშაო ადგილას არ იმყოფება და გარკვეული მედიების წარმომადგენლებს მასთან დაკავშირება არ შეუძლიათ, ნეგატიურად მოქმედებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს იმიჯსა და ავტორიტეტზე, ასევე რუსეთის შეიარაღებულ ძალების იმიჯზეც.
ვბრძანებ: 30 მარტამდე, თავდაცვის სამინისტროს ყველა ოფიციალურ გვერდზე ყოველდღიურად გამოქვეყნდეს ფოტო და ტექსტუალური მასალები, საიდანაც გამოჩნდება, რომ მინისტრი სერგეი შოიგუ უძღვება და იღებს მონაწილეობას სამხედრო საქმიანობაში. გარდა ამისა, ინფორმაცია უნდა იყოს ასევე მიმართული იმის დემონსტრაციისკენ, რომ მინისტრი იმყოფება თავის სამუშაო ადგილას და აქტიურად მონაწილეობს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მართვაში. განკარგულების შესრულებაზე კონტროლი ეკისრება უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს".
დოკუმენტს ხელს არა თავად შოიგუ, არამედ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დმიტრი ბულგაკოვი აწერს.
"როგორც ჩანს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ეგრეც არ ასწავლეს ტელეფონის კამერის გამოყენება და ამიტომ, პერსონალური მონაცემების დაცვაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა ზედა ეშელონებიდან ინფორმაციის გაჟონვა (ამ შემთხვევაში განკარგულება, რომელიც ქსელში გაავრცელეს) ხშირად ბევრ რამეს ხსნის", - წერს ანატოლი გერაშენკო.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც მედიამ შოიგუს საჯარო სივრციდან გაუჩინარების შესახებ დასვა კითხვები და ასევე იყო დაუდასტურებელი ცნობები, რომ შოიგუს გულის შეტევა აქვს, 24 მარტს რუსეთში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პროპაგანდისტული მედიების ინფორმაციით, სერგეი შოიგუც ესწრებოდა. მედიებმა სხდომიდან მოკლე ვიდეო გაავრცელეს, იმის დასტურად, რომ თავდაცვის მინისტრი არ გაუჩინარებულა. თუმცა მოგვიანებით, „მედიაზონამ“ ვიდეო შეისწავლა და დაასკვნა, რომ რეალურად ვიდეო გაყალბებულია შოიგუს ნაწილში – ჩამონტაჟებულია.


