
უკრაინაში მეშვიდე რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ იუწყებიან
25/03/2022 14:28:34 ევროპა, მსოფლიო
ჩერნობაევკაში, ხერსონის მახლობლად, უკრაინელმა სამხედროებმა გენერალ-ლეიტენანტი და 49-ე რუსული არმიის მეთაური იაკოვ რეზანცევი მოკლეს,– იუწყება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი.
”ახლა დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოკლულია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე შეიარაღებული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ ვლადიმიროვიჩ რეზანცევი. ეს ჩერნობაევკას აეროდრომზე მოხდა",– განაცხადა არესტოვიჩმა და დასძინა, რომ რუსეთის მე-7 საჰაერო სადესანტო თავდასხმის სამეთაურო პუნქტი ასევე ჩერნობაევკას აეროდრომზეა განთავსებული.
რუსეთის 49–ე გაერთიანებული არმია ბაზირებულია სტავროპოლში. იაკოვ რეზანცევი მისი მეთაური 2020 წლის აგვისტოში გახდა. ერთ დროს ის სირიაში იბრძოდა.
ამრიგად, გასული ერთი თვის განმავლობაში უკრაინაში 7 გენერალი დაიღუპა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთის დაღუპვას ადასტურებს რუსული მხარე. ესენი არიან: ანდრეი სუხოვეცკი, ვიტალი გერასიმოვი, ანდრეი კოლესნიკოვი, ანდრეი მორდვიჩევი, მაგომედ თუშაევი და სავარაუდოდ, ოლეგ მიტიაევი.
აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალი დევიდ პეტრეუსი ვარაუდობს, რომ რუსი გენერლები კარგავენ კონტაქტს ქვეშევრდომებთან და იძულებულნი არიან, გადმოვიდნენ ჯავშანტექნიკიდან სიტუაციის გასარკვევად და ინსტრუქციების მისაცემად , შესაბამისად, ხდებიან სნაიპერის სამიზნე.