
რუსეთის თავდაცვა პუტინის ომში საკუთარი დანაკარგების შესახებ ცნობებს აქვეყნებს და მიზანზე საუბრობს
25/03/2022 13:52:31 ევროპა, მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ერთი თვის თავზე მეორედ გამოაქვეყნა ცნობები დანაკარგების შესახებ.
კერძოდ, როგორც სერგეი შოიგუს უწყება ამტკიცებს, უკრაინაში დაიღუპა 1 351 რუსი სამხედრო, ხოლო დაიჭრა 3 825.
ამ კუთხით განსხვავებულია ნატო–ს და უკრაინული მხარის მონაცემები. ალიანსი საუბრობს დაახლოებით 40 000–მდე დაჭრილსა და დაღუპულზე რუსეთის ძალებიდან, ხოლო უკრაინა 16 100–ზე.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინულმა მხარემ დაკარგა 14 000 ჯარისკაცი, დაიჭრა 16 000. ასევე ირწმუნება, რომ უკრაინამ დაკარგა საჰაერო თავდაცვის ძალები, სამხედრო ავიაცია და ფლოტი, რომ რუსული ძალები აკონტროლებენ ხერსონს, ზაპოროჟიეს რეგიონების უმეტესობას, ბლოკირებულია კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი და ნიკოლაევი და უშვებს მათზე თავდასხმის შესაძლებლობას.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი რუდსკო ირწმუნება, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დაასრულეს“:
„ზოგადად, ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. საგრძნობლად შემცირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი, რაც საშუალებას იძლევა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირება მთავარი მიზნის მიღწევაზე - დონბასის განთავისუფლებაზე“.
რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებით დაიწყო.
18 მარტს ყირიმის რუსეთის მიერ ანექსიის მერვე წლისთავზე, პუტინმა თქვა, რომ „გენოციდისგან ხალხის გადარჩენა არის რუსეთის მთავარი მიზეზი, მოტივი და მიზანი დონბასსა და უკრაინაში”.
სადღეისოდ რუსეთი უკრაინაში ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, თავშესაფრებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.
რუსული ძალების ქმედება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უკვე ფასდება როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ხოლო პუტინი ომის დამნაშავედ.