ერდოღანი განმარტავს, რატომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს
25/03/2022 13:35:04 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი განმარტავს, რატომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თურქეთი მოხმარებული ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან იღებს და გარდა, ამისა აშენებს "აქუიუს ატომურ ელექტროსადგურს" მოსკოვთან ერთად.
"ჩვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ვყიდულობთ. გარდა ამისა, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს "აქუიუს ატომურ ელექტროსადგურს" რუსეთთან ერთად – ამ საქმეს გვერდზე ვერ გადავდებთ. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში და მეორეც მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას. ეს უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა ერდოღანმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ანკარამ ომი უწოდა. თურქეთმა მოსკოვის ქმედებებს მიუღებელი უწოდა, აამოქმედა "მონტრეს კონვენცია", მხარდაჭერა გამოუცხადა კიევს, მან რუსულ და უკრაინულ მხარეებს შუამავლობაც შესთავაზა, თუმცა იგი არ შეურთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
ამასთან, ანკარამ მიჰყიდა კიევს სამხედრო დრონები და ხელი მოაწერა შეთანხმებას მეტი თანაწარმოების შესახებ, რამაც კრემლის გაბრაზება გამოიწვია. თურქეთი ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას სირიასა და ლიბიაში, ისევე როგორც მოსკოვის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიას.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.


