
შროდერი პუტინის ომს „პოლიტიკური მარცხის“ შედეგს უწოდებს
25/03/2022 09:24:24 ევროპა, მსოფლიო
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მეგობარად აღქმულმა გერჰარდ შროდერმა დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, თუმცა დასავლეთის „პოლიტიკურ წარუმატებლობაზე“ მუთითებს.
ყოფილმა კანცლერმა საკუთარი პოზიცია თურქეთში გამართულ კონფერენციაზე დააფიქსირა,– იუწყება Truth N-TV:
„ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ჩვენ არ შეგვიქმნია უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ამ შეცვლილ ვითარებას ასახავდა. და უკრაინის ომი არის ერთ-ერთი შედეგი ამ პოლიტიკური მარცხის“.
მას თავის გამოსვლაში პუტინი არ უხსენებია, მაგრამ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში რუსეთმაც და დასავლეთის ქვეყნებმაც ბევრი შეცდომა დაუშვეს, თუმცა „რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები არ ამართლებს სამხედრო საშუალებების გამოყენებას“.
როგორც ყოფილმა კანცლერმა აღნიშნა, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ საშინელი ომის დასასრულებლად.
მან პოზიდიურად შეაფასა თურქეთის პრეზიდენტის მცდელობა, შუამავლობის თაობაზე:
„იმედი გვაქვს, რომ ეს მისია წარმატებული იქნება“, - დასძინა შროდერმა.
მან დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გასაგები რეაქცია უწოდა, მაგრამ ამბობს, რომ ამას არ უნდა მოჰყვეს ევროპასა და რუსეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კავშირების გაწყვეტა.
შროდერი არის რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის როსნეფტის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი.
ის გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთ მწვავედ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ უარი თქვა მოსკოვთან მჭიდრო კავშირების გაწყვეტაზე პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ. მისი ოფისის რამდენიმე წევრმა თანამდებობა დატოვა. მედიის ცნობით, შროდერს ჰქონდა მცდელობა უკრაინაში ომის დასრულების და ამ მიზნით შეხვდა პუტინს. მედია აღნიშნავს, რომ შესაბამისი თხოვნით მას უკრაინულმა მხარემ მიმართა.