რუსული ძალების ინტენსიური დაბომბვების შედეგად დანგრეული იზიუმი - ახალი სატელიტური ფოტოები
25/03/2022 08:43:06 მსოფლიო
რუსული ძალები უკრაინის ქალაქ იზიუმზე შეტევას აგრძელებენ, – იუწყება CNN.
გამოცემა Maxar Technologies-ის მიერ გადაღებულ ახალ სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც ინტენსიური დაბომბვების გამო დანგრეული ქალაქია ასახული.
ფოტოებზე ჩანს სკოლის ეზოში დიდი კრატერი და სკოლის წინ საავადმყოფოს დანგრეული ნაწილი:

CNN–ის ცნობით, იზიუმიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 5 კილომეტრში, თანამგზავრებმა დააფიქსირეს რუსული არტილერიის მოძრაობა ქალაქისკენ:

რუსული ჯარები ამჟამად აკონტროლებენ ქალაქებს მდინარე სევერსკი დონეცის ჩრდილოეთ ნაპირზე, რომელიც იზიუმს შუაზე ყოფს.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.


