მედია – უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყენებული მაღალი სიზუსტის რაკეტების დაახლოებით 60% სამიზნეს ასცდა
25/03/2022 08:01:12 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყენებული მაღალი სიზუსტის რაკეტების დაახლოებით 60% სამიზნეს ასცდა, – იუწყება Reuters აშშ–ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ ეს გარემოება შესაძლოა, იყოს ახსნა, თუ რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა დასახულ მიზნებს შეჭრიდან 1 თვის თავზე, მაგალითად, როგორიცაა უკრაინის საჰაერო ძალების განეიტრალება.
"აშშ-ის ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, თუ რა განაპირობებს რუსული რაკეტების მარცხის მაღალ მაჩვენებელს. ისინი ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსეთის წარუმატებლობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იცვლებოდა და დამოკიდებული იყო გაშვებული რაკეტის ტიპზე. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის საჰაერო ხომალდის საკრუიზო რაკეტებს ჰქონდათ წარუმატებლობის მაჩვენებელი 20-დან 60%-მდე", – წერს Reuters.
მისივე თქმით, რუსულმა მხარემ გამოვცემას კომენტარზე უარი განუცხადა.
ამასთან, Reuters ორ ექსპერტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რაკეტების გაშვების ნებისმიერი წარუმატებლობის მაჩვენებელი 20%-დან ზევით უკვე მაღალია.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.


