გენპროკურატურა: "რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 135 ბავშვი დაიღუპა"
25/03/2022 07:57:26 მსოფლიო
რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 135 ბავშვი დაიღუპა, 184-ზე მეტმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, – იუწყება უკრაინის გენერალური პროკურატურა აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ყოველდღიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 566 სასწავლო დაწესებულება, აქედან 73 მთლიანად განადგურდა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, სუმში, კიევში, ხერსონში, ჩერნიგოვსა და ქალაქ კიევში.
გარდა ამისა, მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ბავშვთა 40-ზე მეტი დაწესებულება, მათ შორის სამედიცინო, სამხატვრო სკოლები, სპორტული ობიექტები და ბიბლიოთეკები.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.


