
მედლინ მუნი: "ჩემს პატივისცემას ვერ დაიმსახურებდა ის, ვინც ჩემს ქვეყანაში ჩამოვიდოდა და მეტყოდა, დათმეთ შოტლანდიაო"
12/09/2019 12:39:31 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ჩემს პატივისცემას ვერ დაიმსახურებდა ის, ვინც ჩემს ქვეყანაში ჩამოვიდოდა და მეტყოდა, დათმეთ შოტლანდიაო, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის 10 სექტემბრის ინიციატივის კომენტარებისას განაცხადა.
„თქვენ გქონდათ შეთავაზება. ეს არ არის შეთავაზება NATO-სთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. ჩემს პატივისცემას ვერ დაიმსახურებდა ვერავინ, ვინც ჩემს ქვეყანაში ჩამოვიდოდა და მეტყოდა, დათმეთ შოტლანდია და დაუბრუნეთ ის შოტლანდიელებსო. ეს საქართველოს საკითხია. უფრო მნიშვნელოვანი საკითხია თქვენთვის, იმოძრაოთ წინ, შეგეძლოთ, უპასუხოთ ყველა სტანდარტს და ვალდებულებას, რაც წევრობისთვის არის საჭირო. თქვენ ამ გზაზე ხართ. ეს არ არის მარტივი გზა. ეს რთული გზაა, მაგრამ მიზნის გამო ღირს ამ გზის გავლა და ჩვენ თქვენთან ერთად ვართ", – განაცხადა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.