
"წინადადებების განხილვა უნდა მოხდეს NATO-ს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან"
12/09/2019 13:14:26 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, NATO-ში გაწევრიანების და კონკრეტული წინანადების განხილვა უნდა მოხდეს ქვეყნის მთავარი პარტიორებისა და ალიანსის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის 10 სექტემბრის ინიციატივის კომენტარებისას განაცხადა.
„ბუქარესტის სამიტზე NATO-მ და ჩვენმა პარტნიორებმა ნათლად თქვეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და საქართველოსთვის NATO-ს კარი ღია არის. ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და საქართველო აკმაყოფილებს NATO-ს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენი სისტემები, დემოკრატიული ინსტიტუტები თავსებადია უკვე ალიანსის სტანდარტებთან.
რაც შეეხება გაწევრიანების გადაწყვეტილებას, ასეთი გადაწყვეტილება და მასზე კონკრეტული წინადადების განხილვა უნდა მოხდეს ჩვენი მთავარი პარტნიორების და NATO-ს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ განხილვა მოხდეს გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ასევე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქმე რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ამ თანამშრომლობის ფარგლებში და ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნა ცალსახად ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი არის გაწევრიანება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.