Accentnews.ge
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

24/03/2022 15:31:11 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა, - აღნიშნულ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

„სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის უმეტესი ნაწილი გამოწვეულია ფართო არეალის მქონე ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების შედეგად, მათ შორის მძიმე საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვით, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს ინფორმაციით, ამ წუთისთვის არსებული დადასტურებულად ცნობილი 1035 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქიდან 214 მამაკაცია, 160 ქალი, 14 გოგონა და 28 ბიჭია. ასევე 48 ბავშვისა და 571 ზრდასრულის სქესი ამ დროისთვის უცნობია.

გაერო-ს ინფორმაციით, ასევე დადასტურებულად ცნობილია, რომ რუსეთის შეჭრის შედეგად, სულ მცირე 1650 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S