
ზელენსკი NATO–ს თვითმფრინავების და ტანკების 1%–ის მიწოდებას მოითხოვს
24/03/2022 10:55:58 ევროპა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო–ს ლიდერების შეხვედრაზე ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომელსაც მოელის ალიანსისგან რუსეთის თავდასხმისგან თავის დასაცავად.
"ათწლეულების მანძილზე რუსეთმა უამრავი რესურსი დააგროვა. სამხედრო რესურსები – აღჭურვილობა, ბომბები და რაკეტები. მათ გუჟური ფული ჩადეს სიკვდილში, როცა მსოფლიო ინვესტიციას ახორციელებდა სიცოცხლეში", - თქვა მან და დასძინა, რომ უკრაინას სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა. ამ კონტექსტში ზელენსკიმ გააჟღერა უკრაინის მოთხოვნების დეტალები, რომელიც მისი თქმით, მიზნად ისახავს უკრაინის ქალაქებისა და მოსახლეობის გადარჩენას:
"უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება - შეზღუდვების გარეშე. ისევე, როგორც შეზღუდვების გარეშე იყენებს რუსეთი მთელს არსენალს ჩვენს წინააღმდეგ.
უკრაინას არ აქვს მძლავრი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, გაქვს მნიშვნელოვნად ნაკლები ავიაცია, ვიდრე რუსეთს... უკრაინამ თქვენ მოგმართათ თვითმფრინავებისთვის, რათა ამდენი ადამიანი არ დაგვეკარგა. თქვენ გყავთ ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი, მაგრამ არც ერთი არ მოგვეცით! ჩვენ მოგმართეთ ტანკებისთვის, რათა განვბლოკოთ ჩვენი ქალაქები, სადაც რუსეთს ასიათასობით ადამიანს ჰყავს მძევლად, აშიმშილებს მათ, ფერფლად აქცევს საცხოვრებელ ადგილებს! თქვენ გაქვთ მინიმუმ 20 ათასი ტანკი! უკრაინამ ამ ტანკების 1% მოითხოვა – მოგვეცით ან მოგვყიდეთ, მაგრამ არ გვაქვს მკაფიო პასუხი“.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს სთხოვს, უკრაინას მიაწოდოს ალიანსის თვითმფრინავების 1%, ზალპური ცეცხლის, გემსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მადლობას უხდის ყველა მოკავშირეს უკვე გაწეული სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის რუსული შეტევის ეფექტურად შესაჩერებლად.
ამასთან ზელენსკიმ ნატო–ს ლიდერებს მიმართა:"აღარასოდეს, გთხოვთ, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს. და რამდენი შეგვიძლია, მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში".
ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს ონლაინ ფორმატში ჩაერთო.
სამიტის გახსნისას ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევის, ასევე, ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.