
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს
24/03/2022 06:01:41 საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. მათ აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები დახვდნენ.
აეროპორტიდან ქართველი მეომრები ჩოხოსნების თანხლებით გამოასვენეს. მოქალაქეებმა სანთლები აანთეს და საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისული იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ბერიაშვილი და რატიანი 17 მარტს ქალაქ ირპენში რუსულმა ჭურვებმა შეიწირა. მათი ცხედრები ჯერ უკრაინიდან ვარშავაში, იქიდან კი თბილისში გადმოასვენეს. ორივე მათგანს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
რამდენიმე დღის წინ მარიუპოლში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა. მისი ცხედრის გადმოსვენების საკითხი ჯერ უცნობია.