ჯანმო: "უკრაინაში თავდასხმა 64 სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელდა"
23/03/2022 18:27:09 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, "უკრაინაში თავდასხმა 64 სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელდა".
"ჯანდაცვაზე თავდასხმა უნდა შეწყდეს. ჯანდაცვის სისტემები, დაწესებულებები და ჯანდაცვის მუშაკები არ არიან და არ უნდა იყვნენ სამიზნე", - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელი მაიკ რაიანი აცხადებს, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების 32%-ში არიან ქრონიკულად დაავადებული ადამიანები და 20%-ში – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა.


