
ვალდის ზატლერი: "აჩვენეთ მსოფლიოს თქვენი პრინციპები... ააშენეთ ანაკლია, ბათუმის ტერმინალი, ყველაფერი, რაც ქვეყნის როლსა და მნიშვნელობას გაზრდის"
12/09/2019 07:30:06 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"ნუ აქცევთ ყურადღებას რა მოსწონს და რა უნდა რუსეთს, უბრალოდ იმოქმედეთ საქართველოს კეთილდღეობისთვის" - ამის შესახებ "აქცენტს" ლატვიის ექს პრეზიდენტმა (2007-2011) ვალდის ზატლერმა განუცხადა.
"ჩვენ არ ვენდობით რუსეთის ლიდერებს და მათ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს-ხელშეკრულებებს. თქვენს შემთხვევაში კი, შეგვიძლია ვენდოთ ქართველებს და ქართველებმა უნდა შეძლოთ, დაანახოთ მსოფლიოს თქვენი ერთიანობა. არ უნდა აჩვენოთ თქვენი სისუსტე და არ უნდა დანებდეთ. დანებებისათვის მიზეზები არ უნდა გქონდეთ, ეს იქნება მესიჯი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსების მიმართაც, რათა რუსეთის მოსახლეობაც სამომავლოდ დაფიქრდეს რატომ დგას ახალგაზრდობა ჯაჭვში“ - განუცხადა "აქცენტს" ყოფილმა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ვალდის ზატლერი აცხადებს:
"ნუ აქცევთ ყურადღებას რა მოსწონს და რა უნდა რუსეთს, რა არის მათი ინტერესი, უბრალოდ იმოქმედეთ საქართველოს კეთილდღეობისთვის, შექმენით, ააშენეთ, განავითარეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც თქვენი ქვეყნის როლსა და მნიშვნელობას გაზრდის და განამტკიცებს. იქნება ეს ბათუმის ტერმინალი თუ ანაკლია. რუსეთის ზოგიერთი ლიდერი ამბობდა 30 წლის წინ, რომ ბალტიის ქვეყნები (ბალტიისპირეთი) არასოდეს გახდებოდნენ ნატოს წევრი. ამიტომ აჩვენეთ მსოფლიოს თქვენი პრინციპები. თქვენთვის, ჩვენთვის, ყველასათვის უპირველესი უნდა იყოს თავისუფლება და დემოკრატია, რომელიც ყოველი ადამიანისთვის ღირებულია. ჩვენ თქვენ გგულშემატკივრობთ და ჩვენ ემოციური ერთობა გვაქვს თავისუფლებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. არაძალადობრივი გზით გამოვხატავთ სიძლიერეს" - განუცხადა "აქცენტს" ზატლერმა.