
NYT: რუსეთმა შვეულმფრენების უმეტესობა ჩერნობაევკადან გაიყვანა
23/03/2022 09:39:06 ევროპა, მსოფლიო
რუსეთმა ხერსონის მახლობლად ჩერნობაევკის აეროდრომზე დისლოცირებული თავისი ვერტმფრენების უმეტესობა გაიყვანა,– იუწყება უკრაინული პორტალი „ევროპეისკა პრავდა“ ამერკულ გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსზე“ დაყრდნობით.
სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს შესაძლოა, იყო აშკარა ნიშანი უკრაინის სამხრეთში რუსეთის მიერ განცდილი წარუმატებლობისა.
ხერსონზე კონტროლის დამყარება აუცილებელია უკრაინის სამხრეთში სამხედრო უპირატესობის მიღწევისთვის. ოფიცალურ რუსეთს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
კიევის ცნობით, უკრაინის ჯარმა 8-ჯერ გაანადგურა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები და მათი ტექნიკა ჩერნობაევკაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ ჩერნობაევკა ომების ისტორიაში შევა.
რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის საოკუპაციო ძალებს სამ კვირაზე მეტია ბლოკადაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მარიუპოლის 80-90% დანგრეულია, დაღუპულია 2300-ზე მეტი ადამიანი. ომის დაწყებამდე ქალაქში ცხოვრობდა 400 000-ზე მეტი ადამიანი