Accentnews.ge
შოიგუს „გაუჩინარების“ შესახებ იუწყებიან

შოიგუს „გაუჩინარების“ შესახებ იუწყებიან

23/03/2022 08:49:29 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 11 მარტიდან შეწყვიტა საჯარო სივრცეში გამოჩენა, ანუ 12 დღე არ ჩანს უკრაინაში ომის ფონზე, – იუწყებიან რუსი გამომძიებელი ჟურნალისტები გამოცემებიდან "Медиазона" და "Агентство" .

როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ჩვეულებრივ შოიგუ ძალიან აქტიურია მედიაში, მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ მკვეთრად გაზარდა პრესსამსახურის პერსონალი და დეპარტამენტმა დიდი ყურადღება დაუთმო საზოგადოებაში მინისტრის იმიჯზე ზრუნვას.

"Агентство" მიუთითებს, რომ 11 მარტამდე შოიგუ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ჩანდა საინფორმაციო სივრცეში.

"შოიგუს გარემოცვაში იმაზე მსჯელობენ, რომ ის შეუძლოდაა – გულის პრობლემები აქვს", – უყვება გამოცემას მინისტრის ნაცნობი.

როგორც აღინიშნა, შოიგუ საჯარო სივრცეში ბოლოს 11 მარტს გამოჩნდა, როდესაც უკრაინის ომში მონაწილეებს სახელმწიფო ჯილდოებს გადასცემდა.

18 მარტს შოიგუ ახსენეს კრემლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან განიხილა „სპეციალური ოპერაციის მიმდინარეობა უკრაინაში“. ამ შეტყობინების მიხედვით, შეხვედრას შოიგუც ესწრებოდა, თუმცა შესაბამისი ვიდეო და ფოტოები არ გამოქვეყნებულა. ჟურნალისტების აღნიშნავენ, რომ იმავე დღეს – 18 მარტს რუსული პირველი არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი შოიგუს მიერ სამხედროებისთვის ჯილდოების გადაცემის თაობაზე. სიუჟეტში ნათქვამია, რომ დაჯილდოების ცერემონია 18 მარტს გაიმართა, თუმცა სიუჟეტში მოცემული ფოტო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე ჯერ კიდევ 11 მარტს გამოქვეყნებულ მასალას დაემთხვა. უახლესი ამბები თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე შოიგუს პროფილში ასევე 11 მარტით თარიღდება.

გამომძიებელი ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ არა მხოლოდ შოიგუ „დაიკარგა“, არამედ 11 მარტის შემდეგ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მონაწილეობით არანაირი მოვლენა არ დაფიქსირებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S