ჯო ბაიდენი: "უკრაინის გვერდით ვდგავართ"
23/03/2022 07:56:11 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთმა უკრაინაში თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს.
"მივემგზავრები ევროპაში ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან შესახვედრად ზუსტად ერთი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში სასტიკი ომი წამოიწყო. ჩემი პირველი გაჩერება ბელგია იქნება, სადაც შევხვდები ნატო-ს მოკავშირეებს, დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოების და ევროპის ლიდერებს, რათა განვიხილოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მძიმე საფასური დავაკისროთ. ამის შემდეგ გავემგზავრები პოლონეთში, სადაც ორმხრივი შეხვედრა მექნება პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან. ამ ვიზიტით ნათლად ვიტყვით, რომ დასავლეთი ერთიანია ჩვენი დემოკრატიის დაცვაში. პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში. უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს", - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა


