ზელენსკი: "მარიუპოლში საკვების, წყლის, წამლების გარეშე და მუდმივი დაბომბვის ქვეშ 100 000-მდე ადამიანი რჩება"
23/03/2022 07:00:49 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში, 100 000-მდე ადამიანი არაადამიანურ პირობებში, სრულ ბლოკადაშია.
"ქალაქში საკვების, წყლის, წამლების გარეშე და მუდმივი დაბომბვის ქვეშ 100 000-მდე ადამიანი რჩება", – განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ვერ ხერხდება მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გასაყვანად სტაბილური ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება.
"22 მარტს რუსმა სამხედროებმა დააკავეს ერთ-ერთი ჰუმანიტარული ავტოკოლონა და ტყვედ აიყვანეს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და ავტობუსების მძღოლები", – დასძინა მან.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც გადაწყვიტა მარიუპოლისკენ პირადად გააცილოს ჰუმანიტარული მისია და იმედი გამოთქვა, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება.
რუსეთის საოკუპაციო ძალებს სამ კვირაზე მეტია ბლოკადაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მარიუპოლის 80-90% დანგრეულია, დაღუპულია 2300-ზე მეტი ადამიანი. ომის დაწყებამდე ქალაქში ცხოვრობდა 400 000-ზე მეტი ადამიანი.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.


