
„ომს შეტევითი იარაღის გარეშე ვერ მოიგებ“: ერმარკი დასავლეთისგან კონკრეტულ იარაღს მოითხოვს
22/03/2022 20:06:13 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა ლონდონის ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება შეტევითი იარაღი, საშუალო რადიუსის რაკეტები და Lend–lis რუსეთთან ომში საპასუხოდ. ეს უკანასკნელი გახლავთ სახელმწიფო პროგრამა (ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ხელშეწყობის აქტი), რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში თავის მოკავშირეებს აწვდიდა სხვადასხვა იარაღს, სამხედრო და სამედიცინო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას, საკვებს, მედიკამენტებს, სტრატეგიულ ნედლეულს, მათ შორის ნავთობპროდუქტებს. პროგრამის კონცეფციამ შეერთებული შტატების პრეზიდენტს მისცა უფლებამოსილება, დახმარებოდა ნებისმიერ ქვეყანას, რომლის დაცვაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის. აქტი აშშ-ის კონგრესმა 1941 წლის 11 მარტს მიიღო.
„ჩვენი შეიარაღებული ძალები და მოქალაქეები ზეადამიანური გამბედაობით წევენ წინააღმდეგობას, მაგრამ ომს ვერ მოიგებ შეტევითი იარაღის, საშუალო რადიუსის რაკეტების გარეშე, რაც შეიძლება, იყოს შემაკავებელი. ჩვენს შემთხვევაში, ეს შეკავებაა და არა აგრესია.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავის ეფექტური დაცვა საიმედო მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის გარეშე, რომელიც შორ დისტანციაზე ისვრის ბალისტიკურ რაკეტებს. თუმცა მას ჩვე არ გვაძლევენ, როგორც არ გვაძლევენ საბრძოლო თვითმფრინავებს. არ უნდათ, ნატოში გვიხილონ. ესკალაციის შიში გასაგებია, მაგრამ ის არ გვიშველის“,– განაცხადა ერმარკმა.
მისი თქმით, რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია, ამიტომ აგრესორი ცდილობს ჰუმანიტარული კატასტროფის პროვოცირებას, კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო პოტენციალის განადგურებას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ რუსეთს უკრაინის განადგურება სურს - ეს არის ერთადერთი მიზანი.