მედია – ტრანსგენდერებს უკრაინის დატოვების საშუალებას არ აძლევენ
22/03/2022 14:27:26 მსოფლიო
გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალებს უკრაინიდან უსაფრთხო ქვეყნებში გადასვლის ნებას არ რთავენ, მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა (დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ქალია) და რუსეთის ტრანსფობიური პოლიტიკის საფრთხისა, – იუწყება The Guardian.
როგორც The Guardian წერს, ტრანსგენდერი ქალი სახელად ჯუდისი ლუგანსკის რეგიონის ქალაქ სვატოვიდან არის. მან ქალაქი მანამდე დატოვა, ვიდრე სვატოვზე კონტროლს პრორუსი სეპარატისტები დაამყარებდნენ.
იგი ყვება, რომ მშობლიური ქალაქიდან წამოსული კიევის გარეუბანში მდებარე ერთ–ერთი სახლის სარდაფს აფარებდა თავს:
"როგორც კი ჩავედი დედაქალაქის მახლობლად მდებარე სოფელში, ბებიას სახლი სვატოვში რაკეტამ დაანგრია. სვატოვიდან ისე წამოვედი ფული არ მქონდა, ვცხოვრობდი კიევის გარეუბანში, ერთ–ერთ სოფელში, სახლის სარდაფში. ერთ დღეს რაკეტა ჩემი სარდაფიდან დაახლოებით, 150 მეტრში ჩამოვარდა. მას შემდეგ კოშმარები მესიზმრება იმის შესახებ, თუ როგორ ააფეთქა ჩემი კიდურები ბომბმა“.
ჯუდისის თქმით, მან გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება, თუმცა უკრაინელმა მესაზღვრეებმა ამის საშუალება არ მისცეს:
"როგორც კი სასაზღვრო პუნქტში მივედი, ორმა მესაზღვრემ მთხოვა გავყოლოდი საბაჟოს გვერდით ოთახში, სადაც მოქალაქეების ფიზიკურად დათვალიერება მიმდინარეობს. უკრაინელი მესაზღვრეები გაშიშვლებენ და ყველგან გეხებიან. ფიზიკურად შემოწმების დროს მათ სახეებზე შევამჩნიე, რომ ფიქრობდნენ: "რა ხარ?", თითქოს რაღაც ცხოველი ხარ ან რაღაც სხვა. შემდეგ, ერთ-ერთმა მესაზღვრემ მითხრა: „შენ ბიჭი ხარ, ასე რომ წადი აქედან. მადლობელი უნდა იყო, რომ პოლიციას არ ვურეკავ. წადი იომე! 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა ქვეყანა და შენს გაშვებას არ ვაპირებთ". ეს ყველაფერი მოხდა იმის მიუხედავად, რომ მე მაქვს იურიდიულად მოქმედი დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალი ვარ".
ჯუდისი აცხადებს, რომ კვლავ შეეცდება საზღვრის გადაკვეთას:
"მინდა, ვიყო თავისუფალი, გავაკეთო ის, რაც მინდა ცხოვრებაში. კიდევ ვეცდები საზღვრის გადაკვეთას, რადგან ჩემი უფლებაა წავიდე და ვიცხოვრო. არ გავჩუმდები. მე არ ვიქნები პატიმარი“.
"ლეგალურად არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ჯუდისს არ მიეცეს ქვეყნის დატოვების საშუალება იმ ათასობით ქალთან ერთად, რომლებიც ყოველდღიურად კვეთენ უკრაინის საზღვრებს უსაფრთხოდ. თუმცა 12 მარტს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ხანგრძლივი და დამამცირებელი ჩხრეკის შემდეგ, მესაზღვრეებმა დაადგინეს, რომ ის მამაკაცი იყო და ხელი შეუშალეს მას, გადასულიყო პოლონეთში", – წერს The Guardian.
24 თებერვალს, როდესაც უკრაინამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, 18-დან 60 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცს აეკრძალა ქვეყნის დატოვება. მას შემდეგ სავარაუდოდ, ასობით უკრაინელმა ტრანსგენდემა ქალმა სცადა ქვეყნის დატოვება.
როგორც The Guardian–ს აქტივისტებმა და ლგბტქ+ პირთა უფლებების დამცველებმა განუცხადეს, "მიუხედავად მათი ლეგალური სტატუსისა – როგორც ქალი, ათეულობით არასათანადო მოპყრობისა და საზღვრებიდან უკან გამობრუნების შემთხვევები დაფიქსირდა. ბევრს ეშინია სიცოცხლის იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას რუსეთის ტრანსფობიური რეჟიმი დაიპყრობს".
"საომარი კანონი ამბობს, რომ ყველა მამაკაცი ვალდებულია, იმსახუროს ჯარში, ამიტომ მათ ქვეყნის დატოვება არ შეუძლიათ. ტექნიკურად, კანონი ეხება ტრანსგენდერებსაც, მათ შორის, როგორც სერტიფიცირებულ ტრანს მამაკაცებს, ასევე ტრანს ქალებს, რომლებსაც არ შეუცვლიათ დოკუმენტები. მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინელი მესაზღვრეები აფერხებენ იმ ტრანსგენდერებსაც კი, რომლებსაც აქვთ მოქმედი სერტიფიკატი, რომელიც ასახავს მათ ახალ სქესს და არავინ იცის რატომ ხდება ეს", – განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა და უკრაინული LGBTQ+ ორგანიზაცია "Insight"-ს თავმჯდომარემ ოლენა შევჩენკომ.
"ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს და ინტერსექსი პირების საერთაშორისო ასოციაციის" ცნობით, უკრაინა 49 ევროპულ ქვეყანას შორის 39-ე ადგილზეა ლგბტქ+ ადამიანების მიმართ ზოგადი მოპყრობით. ქვეყანაში გეი ქორწინება დაუშვებელია, მართლმადიდებელი ეკლესია ჰომოსექსუალობას ცოდვად მიიჩნევს და არ არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონები ლგბტქ+ ადამიანების დასაცავად.
2017 წლიდან ტრანსგენდერები უკრაინაში კანონიერად არიან აღიარებული, მაგრამ უნდა გაიარონ ფართო ფსიქიატრიული დაკვირვება და ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცესი, სანამ მათი სქესი ოფიციალურ დოკუმენტებზე აისახება. ათასობით უკრაინელ ტრანსგენდერს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი საბუთი ომის დაწყების პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ომის გამო ხალხს სახლების დატოვება უმეტესად პირადობის მოწმობისა თუ პასპორტის გარეშე უწევს, რის გამოც უკრაინის მთავრობამ დაავალა ოფიციალურ პირებს, საზღვრებზე ეღიარებინათ ნებისმიერი პირადობის მოწმობა ან დოკუმენტი - ორიგინალი თუ ფოტოასლი", – იუწყება The Guardian.


