რუსეთში პუტინის ომთან დაკავშირებით „ფეიკის“ გავრცელების ბრალდებით შსს–ს თანამშრომელი დააკავეს
22/03/2022 12:26:46 მსოფლიო
რუსული მედიის ცნობით, რუსეთში პირველად დააკავეს ადამიანი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით „დეზინფორმაციის გავრცელებისთვის". მოგეხსენებათ, რუსეთში მიიღეს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ოფიციალური უწყებებიდან არ მომდინარეობს. რუსეთში აკრძალულია ომისთვის ომის წოდება, მას კრემლი „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს. სასჯელი 15–წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია მამაკაცი. აყვანის ოპერაცია მოსკოვში განხორციელდა და მის საქმეში ფიგურირებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნება.
მედია წერს, რომ დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტროპოლიტენის განყოფილებაში მუშაობს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლიდან აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. უმოწყალოდ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – სახლები, საავადმყოფოები, სკოლები, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.


