
"ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ, უნდა წამომყვეთ ყველა სოფელში და დავარწმუნოთ ხალხი, რომ აცრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი"
22/03/2022 08:01:17 საზოგადოება
"ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ, უნდა წამომყვეთ ყველა სოფელში და დავარწმუნოთ ხალხი, რომ აცრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პანდემია რჩება გამოწვევად და სახელმწიფო გააქტიურდება ვაქცინაციის მიმართულებით.
„ახლა რაც შეეხება გეგმას. დიახ, მოსახლეობის 70 %–ის აცრა ივლისამდე რთულია, ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ, ამიტომ უნდა წამომყვეთ ყველა სოფელში, სადაც ვივლი; უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ აცრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. პირველ რიგში 50 წელს ზემოთ მოსახლეობა უნდა დავარწმუნოთ, რომ უნდა აიცრან 2-ჯერ და დღეს აცრილია 60 წლის ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ 54 პროცენტი. აცრილი რომ ყოფილიყო 60 წლის ზემოთ მოსახლეობის 80-85%, ჩვენ გვექნებოდა სიკვდილიანობა გაცილებით ნაკლები. გასაგებია, დღეს ახლა აცრა გადაფარა კიდევ სხვა მოვლენებმა, რაც გლობალურ სამყაროში ხდება. მაგრამ პანდემია მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.