ფინეთსა და გიბრალტარში 22 რუსული იახტა დააკავეს
22/03/2022 07:02:10 მსოფლიო
ფინეთის საბაჟომ დააკავეს 21 იახტა, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსებთან,– ამის შესახებ გაზეთი Helsingin Sanomat იტყობინება.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, გიბრალტარში დააკავეს იახტა Axioma, რომელიც სავარაუდოდ, მილიარდერ დიმიტრი პუმპიანსკის ეკუთვნის, რომელიც ასევე მოხვდა ევროკავშირის სანქციების ქვეშ.
სააგენტოს ცნობით, სუპერიახტა გიბრალტარში მალტის დროშის ქვეშ 21 მარტს შევიდა. თებერვლის ბოლოს მან დატოვა კარიბის ზღვის კუნძული ანტიგუა და გადაკვეთა ატლანტის ოკეანე.
გარდა ამისა, The Insider-ის ცნობით, შვეიცარიის ხელისუფლებამ ბერნის გოლფის კურორტზე ბინა დააყადაღა, რომელიც სავარაუდოდ, რუს მილიარდერ პიტერ ავენს – ალფა-ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ეკუთვნის. მან აღნიშნული პოზიცია 1 მარტს დატოვა მას შემდეგ, რაც მას სანქციები დაეკისრა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო შეჭრის გამო.

სანქცირებული რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი კი თავის იახტებს თურქეთში გზავნის. Superyacht MY Solaris 21 მარტს თურქეთის სამხრეთ-დასავლეთში, ბოდრუმის პორტში ჩადგა. Marine Traffic-ის ცნობით, აბრამოვიჩის კიდევ ერთი იახტა, Eclipse, ამჟამად კუნძულ კრეტაზე გადის და თურქეთისკენ მიემართება. იახტები, კერძო თვითმფრინავები, უძრავი ქონება და რუსი ბიზნესმენების სხვა ქონება ევროპაში დაკავებულია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ სანქციების დაწესების შემდეგ.
Bloomberg-ის ცნობით, მხოლოდ იტალიაში ბოლო დროს რუსების 780 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაიყინა.


