
„სუმის რეგიონში 300-მდე რუსმა სამხედრომ უარი თქვა ბრძოლაზე და ტერიტორია ტექნიკით დატოვა“ – უკრაინის გენტაბი
22/03/2022 06:30:08 ევროპა
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, სუმის რეგიონში 300–მდე რუსმა სამხედრომ უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე და ოპერაციების ტერიტორია დატოვა.
„სუმში, ახტირსკის რაიონში დაფიქსირდა რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაუმორჩილებლობის ფაქტები. 300-მდე დამპყრობელმა უარი თქვა საომარი მოქმედებების განხორციელების ბრძანების შესრულებაზე და 70 ერთეული ტექნიკით დატოვა ოპერაციის ტერიტორია“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
იხილეთ ასევე: დუდაევის ბატალიონის მეთაური ადასტურებს, რომ „კადიროველებს“ რუსი სამხედროების შემაკავებლად იყენებენ
გარდა ამისა, გენშტაბი იუწყება, რომ რუს სამხედროებს სამი დღის სამყოფი საბრძოლო მასალისა და საკვების მარაგები დარჩათ. იგივე ვითარებაა საწვავთან და წყალთან დაკავშირებით.
გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალების პოზიციისა და მოქმედების ხასიათში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა:
„დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტერი ცდილობს წინსვლას და ფეხის მოკიდებას, მაგრამ იქ წარმატებას ვერ მიაღწევს.
ამასთან, რუსები აგრძელებენ აგრესიულ პროპაგანდას, რომელიც მიმართულია ბელარუსი სამხედროებისადმი, უკრაინასთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ.
ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტრები ქაოტურ მობილიზაციას აწარმოებს. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს არ უჭერს ოკუპანტების პოლიტიკას, არ სურს იარაღის აღება და საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს ემალება. კონტრაქტები გაფორმებულია იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ რუსული პასპორტი. რომლებსაც აქვთ მხოლოდ ფსევდორესპუბლიკის პასპორტი - მათ აფორმებენ მოხალისედ“.
ამასთან, ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ იუწყება, რომ რუსეთი განაგრძობს მოწინავე ქვედანაყოფთა დანაკარგების შევსებას აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის დაბალი მომზადების რეზერვით.
ISW–ის მონაცემებით, 21 მარტს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში ვერ მიაღწიეს რაიმე სერიოზულ წარმატებას.
ცენტრის თანახმად, რუსი სამხედროები კიევის დაცხრილვას განაგრძობდნენ ჩრდილო-დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და თავდაცვით პოზიციებს ამაგრებდნენ, თუმცა, მასშტაბურ შეტევებზე არ გადასულან. შეტევითი ოპერაციები არ ყოფილა ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის მიმართულებითაც, სადაც რუსეთის სამხედრო ძალები ვერ აგვარებენ ლოგისტიკურ პრობლემებს.
ISW-ის მონაცემებით, 21 მარტს რუსი სამხედროები ნელი ტემპით წინ მიიწევდნენ მარიუპოლში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცხრილვას განაგრძობდნენ. გარდა ამისა, რამდენიმე წარუმატებელი ოპერაცია ჩაატარეს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში.