უკრაინის შეიარაღებული ძალები: "უკრაინელმა სამხედროებმა მაკაროვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს"
22/03/2022 05:39:12 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ოლქის ქალაქური ტიპის დასახლება მაკაროვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
„ჩვენი დამცველების გმირული მოქმედებების წყალობით, ქალაქ მაკაროვიდან მტერი უკუაგდეს და ქალაქის თავზე უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს", - აცხადებენ გენშტაბში.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა.


