რას გულისხმობს ევროკავშირის "სტრატეგიული კომპასი", რომელიც ევროპაში განახლებული ომის ფონზე დაამტკიცეს
21/03/2022 18:34:19 მსოფლიო
დღეს ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა "სტრატეგიული კომპასი", რომელიც მიმართული იქნება ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებაზე.
როგორც ევროკავშირში აღნიშნავენ, ევროპაში ომის დაბრუნების ფონზე აუცილებელია, გაძლიერდეს ევროკავშირის მედეგობა და მოხდეს მეტი ინვესტიციის ჩადება თავდაცვით შესაძლებლობებში.
"ჩვენი კავშირის სიძლიერე ერთიანობაში, სოლიდარობასა და მონდომებაშია. "სტრატეგიული კომპასის" მიზანია ევროკავშირი გახდეს უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი უსაფრთხოების დაცვის კუთხით. ევროკავშირს უნდა შეეძლოს, დაიცვას თავისი მოქალაქეები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ევროპაში ომი დაბრუნდა. "სტრატეგიული კომპასი" გააძლიერებს ევროკავშირის სტრატეგიულ ავტონომიას და პარტნიორებთან მუშაობის უნარს მისი ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად", – ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, "საფრთხეები იზრდება და უმოქმედობის ფასი ნათელია".
"სტრატეგიული კომპასი" არის მოქმედების ერთგვარი სახელმძღვანელო. ის ადგენს ამბიციურ გზას ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისთვის მომავალი ათწლეულის განმავლობაში. ის დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ ჩვენს პასუხისმგებლობას უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი მოქალაქეებისა და დანარჩენი მსოფლიოს წინაშე. თუ ახლა არ არის მოქმედების დრო, მაშინ როდისაა?", – აცხადებს ბორელი.
ევროპული საბჭოს ცნობით, დოკუმენტი წარმოადგენს კონკრეტულ და ქმედითუნარიან წინადადებებს, განხორციელების ძალიან ზუსტი ვადით, რათა გააუმჯობესდეს ევროკავშირის უნარი გადამწყვეტად იმოქმედოს კრიზისების დროს და დაიცვას თავისი უსაფრთხოება და მოქალაქეები.
"სტრატეგიული კომპასი" მოიცავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ყველა ასპექტს და სტრუქტურირებულია ოთხ შემდეგ მიმართულებაზე: მოქმედება, ინვესტიცია, პარტნიორი და უსაფრთხოება.
მოქმედება
იმისათვის, რომ ევროკავშირმა შეძლოს, სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოს კრიზისის დროს, საჭიროების შემთხვევაში პარტნიორებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში მარტოც ევროკავშირი:
- ჩამოაყალიბებს "ევროკავშირის სწრაფი განთავსების უნარის მქონე ჯგუფს" 5000-მდე ჯარისკაცით სხვადასხვა ტიპის კრიზისებისთვის;
- მზად იქნება, განათავსოს CSDP–ს მისიის 200 სრულად აღჭურვილი ექსპერტი 30 დღის განმავლობაში, მათ შორის რთულ პირობებში;
- რეგულარულად ჩაატარებს წვრთნებს ხმელეთზე და ზღვაზე;
- გაძლიერებს სამხედრო მობილობას;
- გააძლიერებს ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო CSDP–ს (საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა) მისიებს;
- სრულად გამოიყენებს "ევროპის სამშვიდობო მექანიზმს" პარტნიორების მხარდასაჭერად.
უსაფრთხოება
იმისათვის, რომ გააძლიეროს მისი უნარი, წინასწარ განსაზღვროს, შეაჩეროს და უპასუხოს მიმდინარე და სწრაფად განვითარებად საფრთხეებსა და გამოწვევებს, და დაიცვას ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესები, ევროკავშირი:
- გაზრდის დაზვერვის ანალიზის შესაძლებლობებს;
- შექმნის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების გუნდებს, რომლებიც აერთიანებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს ჰიბრიდული საფრთხეების ფართო სპექტრის გამოსავლენად და რეაგირებისთვის;
- შექმნის ევროკავშირის კიბერ–თავდაცვის პოლიტიკას, რათა კავშირი უკეთ იყოს მომზადებული და უპასუხოს კიბერ–შეტევებს;
- შეიმუშავებს უცხოური ინფორმაციის მანიპულირებისა და ჩარევის გამოვლენის მექანიზმს;
- შეიმუშავებს "ევროკავშირის კოსმოსურ სტრატეგიას უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის";
- გააძლიერებს ევროკავშირის, როგორც საზღვაო უსაფრთხოების აქტორის როლს.
ინვესტიცია
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ხარჯები, რათა შეესაბამებოდეს ჩვენს კოლექტიური ამბიციას, მინიმუმამდე დაიყვანონ კრიტიკული სამხედრო და სამოქალაქო შესაძლებლობების ხარვეზები და გააძლიერონ ჩვენი "ევროპის თავდაცვის ტექნოლოგიური და სამრეწველო ბაზა". ევროკავშირი:
- უზრუნველყოფს, რომ წევრმა ქვეყნებმა გაცვალონ ინფორმაცია ეროვნული მიზნების შესახებ გაზრდილი და გაუმჯობესებული თავდაცვის ხარჯების შესახებ, რომელიც შეესაბამება ჩვენს უსაფრთხოების საჭიროებებს;
- უზრუნველყოფს, რომ წევრი ქვეყნები ჩაერთონ თანამშრომლობითი შესაძლებლობების განვითარებაში, რათა შეძლონ ერთობლივად მოქმედება ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში, კიბერ დომენში და გარე სივრცეში.
- გააძლიერებს თავდაცვის ტექნოლოგიურ ინოვაციებს სტრატეგიული ხარვეზების შესავსებად და ტექნოლოგიური და სამრეწველო დამოკიდებულებების შესამცირებლად.
პარტნიორი
საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ ევროკავშირი:
- გააძლიერებს თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიცაა ნატო, გაერო და რეგიონალური პარტნიორები, მათ შორის ეუთო, AU და ASEAN;
- განავითარებს უფრო მორგებულ ორმხრივი პარტნიორობას თანამოაზრე ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიცაა აშშ, კანადა, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და სხვა;
- განავითარებს თითოეულ ქვეყანაზე მორგებულ პარტნიორობას დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოში, აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში, მათ შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების, CSDP-ს მისიებში და ოპერაციებში მონაწილეობის ხელშეწყობისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის გზით.


