
ბუტუსოვი: „რუსული გამანადგურებელ–ბომბდამშენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა“
21/03/2022 13:54:15 ევროპა
უკრაინული გამოცემა „ცენზორ.ნეტ“–ის მთავარი რედაქტორის, სამხედრო ექსპერტ იური ბუტუსოვის ცნობით, დღეს რუსული გამანადგურებელ–ბომბდამშენი ნატო–ს წევრ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.
მისი მტკიცებით, ინფორმაცია სარადარო მონაცემებით დადასტურდა:
„დღეს 13:15 საათზე რუსულმა გამანადგურებელ–ბომბდამშენმა უკრაინის ვოლჰინიას გადაუფრინა და პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში შევიდა. ინფორმაცია სარადარო მონაცემებით დადასტურდა, ჩვენმა მოკავშირეებმაც დააფიქსირეს ფრენა“.
როგორც სამხედრო ბუტუსოვი აღნიშნავს, ინციდენტი მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც პოლონეთმა განაცხადა უკრაინაში პოლონელი სამშვიდობოების შესაძლო განლაგების შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„რუსეთი ნატოს შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების პროვოცირებას ახდენს“,– დასძენს სამხედრო ექსპერტი.
არც ნატო–ს და არც უშუალოდ პოლონეთს ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. "აქცენტი" ინფორმაციის გადამოწმებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ცდილობს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.