
"ოკუპანტებმა 2 389 უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს" - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
21/03/2022 12:45:20 ევროპა
19 მარტს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 2 389 ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე,– იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
როგორც უწყება აღნიშნავს, აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის, კერძოდ ბავშვების იძულებით გადაყვანას აქვს გატაცების ნიშნები. ასეთი ქმედებები კი არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა:
„სახლების ნგრევით და მშობლების მკვლელობით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთის ტერიტორიაზე შემდგომ საფრთხის წინაშე აყენებს“.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოს ბავშვების უკანონო ექსპორტზე, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულოს შეწყვიტოს ბარბაროსული ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.
როგორც აღინიშნა, ბავშვების გატაცების ფაქტები, ისევე როგორც უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსი დამპყრობლების დანაშაულის ასობით სხვა ფაქტი, საგულდაგულოდ არის დოკუმენტირებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ.