ისრაელის პრემიერი: „უკრაინაში ომის დასასრულებლად ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი"
21/03/2022 11:53:36 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
მისი თქმით, მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, მხარეებს შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობაა.
„უკრაინაში ომის დასასრულებლად ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, სადავოა რამდენიმე საკითხი, რომელთა შორის ზოგიერთი ფუნდამენტურია", - განაცხადა მან.
ნაფტალი ბენეტის თქმით, ისრაელი შეეცდება საკუთარი წვლილი შეიტანოს ომის დასრულებაში.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა.


