Accentnews.ge
ევროკავშირი: "უკრაინელი ბავშვები ტრეფიკინგის საფრთხის წინაშე დგანან"

ევროკავშირი: "უკრაინელი ბავშვები ტრეფიკინგის საფრთხის წინაშე დგანან"

21/03/2022 10:09:57 მსოფლიო

ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში ილვა იოჰანსონი აცხადებს, რომ "უკრაინელი ბავშვები ტრეფიკინგის საფრთხის წინაშე დგანან".

მისი თქმით, ომის დაწყებიდან უკრაინა 3,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა, მათი დაახლოებით ნახევარი ბავშვი იყო.

როგორც ევროკომისარი აცხადებს, ტრეფიკინგის საფრთხის წინაშე დგანან არა მარტო ის ბავშვები, რომელთაც უკრაინა დატოვეს, არამედ ბავშვების გარკვეული კატეგორია, ვინც ამ დრომდე ქვეყანაში რჩება.

"უკრაინაში დაობლებული და ასევე სუროგატი დედების მიერ დაბადებული ბავშვების დიდი რაოდენობაა, რომლებიც მშობლებმა ვეღარ აიყვანეს. ამ ბავშვების გატაცების ან იძულებითი გაშვილების რისკი არსებობს. არსებობს დაუცველი ბავშვების ტრეფიკინგის დიდი რისკი", – განაცხადა იოჰანსონმა და დასძინა, რომ ამ დრომდე ძალიან მცირე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ბავშვს ევროკავშირის საზღვრის კვეთისას არავინ ახლდა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S